საპატიმროში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექიმის განცხადებას, რომ კონსილიუმმა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საჭიროებაზე იმსჯელა, იუსტიციის მინისტრი სიცრუეს უწოდებს.
რატი ბრეგაძემ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.
"მოვისმინე ნიკოლოზ ყიფშიძის კომენტარი, რომლის თანახმადაც, თითქოს, ჩემთან შეხვედრაზე საუბარი იყო პატიმარ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე და, თითქოს, ამაზე ვმსჯელობდით.
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ეს არის სიცრუე! ექიმების ჯგუფთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მაგრამ ერთი სიტყვაც არ თქმულა სამოქალაქო კლინიკაზე. ტყუილს მოკლე ფეხი აქვს. დანარჩენზე მერე ვისაუბრებთ,"-წერს რატი ბრეგაძე.