16 ნოემბერი 2024,   15:58
ვრცლად
დაკვირვება სააკაშვილზე - რატომ არ გადადის მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში და როგორია სახალხო დამცველის რეკომენდაციები

შიმშილობის 25-ე დღეს მიხეილ სააკაშვილს გლდანის ციხის მეთვრამეტე სამკურნალო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაცია არ სურს.

მასთან დღეს ადვოკატები შევიდნენ, რომელთა მთავარი გზავნილიც უცვლელია, რომ ხელისუფლება კონსილიუმის გადაწყვეტილებას უნდა დაემორჩილოს და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მსჯავრდებული სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანოს.

მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველის პოზიცია გაამყარა ომბუდსმენის განცხადებამაც. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ მეთვრამეტე დაწესებულება სრულფასოვნად არ შეესაბამება კონსილიუმის დასკვნასა და რეკომენდაციებს. 

საპირისპიროს ამტკიცებენ ჯანდაცვის უწყებაში, სადაც აცხადებენ, რომ გლდანის სამკურნალო დაწესებულება სრულად აკმაყოფილებს მაღალკვალიფიციური კლინიკის სტანდარტებს. N18 დაწესებულებაში, იქ, სადაც ექსპრეზიდენტისთვის პალატა უკვე მზადაა, არსებულ პირობებს იუსტიციის მინისტრი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან ერთად გაეცნო. შემოწმდა დაწესებულების ლაბორატორია და რეანიმაციული განყოფილება.

სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტებმა იუსტიციის სამინისტროსთან აქცია გამართეს. იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, აქციის მონაწილეები პერმანენტულ გამოსვლებს აანონსებენ.

გლდანი, მე-18 სამკურნალო დაწესებულება გახდება თუ არა უახლოეს საათებში მიხეილ სააკაშვილის ახალი მისამართი - ამ კითხვაზე იუსტიციის მინისტრს ცალსახა პასუხი აქვს. რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ვრცლად ისაუბრა ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზაციის საკითხზე და ბრალდებებს ბრლადებებითვე უპასუხა. მინისტრის განცხადებით, ბოლო რეკომენდაციაში, რომელიც კონსილიუმმა გასცა, ხაზგასმა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე არ ყოფილა. მან სახალხო დამცველის განცხადებაში ფაქტობრივი შეცდომაც ამოიკითხა.

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმი დღეს ექიმმა ზურაბ ფაღავამ დატოვა. კარდიოლოგმა მიზეზად ჯანმრთელობის პრობლემა დაასახელა. 

სააკაშვილის პირადი ექიმის თქმით, ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზაცია უკვე საჭიროა. რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის უკიდურეს ფორმას ექსპრეზიდენტი უკვე 25-ე დღეა მიმართავს.

დღის ამბები