"ქართულ ოცნებაში" გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც "ოპოზიციის გეგმა წარმოადგენს არა არჩევნებისთვის მზადება, არამედ მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობით სპეკულირება" - ოპოზიციის სპექტრი უკვე გამოეხმაურა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია აცხადებს, რომ ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია არის ერთის მხრივ, საინტერესო და მეორეს მხრივ, "ქართული ოცნებისთვის" სანერვიულო.
"ქართული ოცნება" ღელავს, დარდობს, მაგრამ ნება მომეცით, რომ ამაზე მე არ ვიდარდო და არც თქვენ უნდა იდარდოთ. ჩვენ ყველა პრობლემას ვცდილობთ, რომ გამოსავალი მოვუძებნოთ," - განაცხადა ნიკა მელიამ.
"ლელოს" თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე "ქართული ოცნების" განცხადებებს, თითქოს ოპოზიცია სააკაშვილის ჯანმრთელობით მანიპულირებას ცდილობს, ამაზრზენად მიიჩნევს.
"ეს არის "ოცნების" ნარატივი და საერთოდ ამაზრზენად მიმაჩნია ნებისმიერი პატიმრის სახელის გამოყენება რაღაცის მისაღწევად," - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
"დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით - "ასეთ ფსკერზე არავინ არ უნდა დაეშვას, რომ მოშიმშილე მ-3 პრეზიდენტის მიმართ მსგავსი ზიზღის კამპანია მიმდინარეობდეს, მისი უფლებები კი არ იყოს დაცული."
"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით კი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი არის მნიშვნელოვანი, რადგან მესამე პრეზიდენტს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ექმნება.
"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი არის მნიშვნელოვანი. ადამიანი შიმშილობს, სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები ექმნება და მიდის სიკვდილზე. შეუძლებელია მაგაზე ყურადღება ვინმემ არ გაამახვილოს. ცხადია მაგ თემას ყველა ეხება, მაგრამ საარჩევნო კამპანია და ყველა ვართ კამპანიის რეჟიმში. თუ ადამიანები გველაპარაკებიან სააკაშვილზე, ველაპარაკებით სააკაშვილზე, თუ გველაპარაკებიან პრობლემებზე, ველაპარაკებით პრობლემებზე," - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილის თქმით, მოსალოდნელია, რომ არჩევნებამდე დარჩენილი დღეების განმავლობაში და არჩევნების დღეს ოპოზიცია მაქსიმალურად ეცდება სააკაშვილის თემით საზოგადოების დაზაფვრას და სხვადასხვა სახის პროვოკაციების მოწყობას.