საარჩევნო უბნების ნაწილში შედეგების ხელახლა გადათვლა იწყება. უბნები, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით საარჩევნო კომისიებმა უკვე გამოავლინეს.
კანონით დადგენილი პროცედურის მიღმა, ოპოზიციის ნაწილი შედეგების ხელახლა გადათვლას სხვა ოლქებშიც ითოვს.
#3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბესიკ ლაჩაშვილის განცხადებით, გამოვლენილია 7 უბანი: N31, N58, N60, N64, N69, N74 და N88 უბნები. აღნიშნული უბნების გადათვლა დღეს 17 საათზე სპორტის სასახლეში მოხდება.
"გამოვლენილი უბნებიდან შერჩეული იქნებიან პარტიული წევრები, ვინც მიიღებს უშუალოდ დათვლაში მონაწილეობას. ვიცით, რომ 4 მთვლელი უნდა იყოს, 2-2 გამოვლინდება უბნის წევრებიდან, 2-2 კი ჩვენი ოლქის წევრებიდან. ცენტრალური საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს ჩვენივე ვიდეოკამერებით ამის ფიქსაციას. რა თქმა უნდა, დაინტერესებული მხარეები ვინც იქნებიან, მათაც შეუძლიათ კონკრეტული ადგილიდან აწარმოონ ვიდეოგადაღება," - ამბობს ბესიკ ლაჩაშვილი.