ოპოზიციის ბოიკოტმა შესაძლოა საკონსტიტუციო ცვლილებები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს - თუ საკანონმდებლო ორგანოში მსგავსი ცვლილების მისაღებად საჭირო რაოდენობის დეპუტატი არ იქნება, პაკეტი ჩავარდება.
კანონპროექტის მიხედვით, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მხარდაჭერილია, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის 2%-იანი საარჩევნო ბარიერი და მანდატების პროპორციული განაწილების წესი დგინდება. იცვლება ფრაქციის შესაქმნელად საჭირო წევრთა რაოდენობაც.
ოპოზიციონერი დეპუტატი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ოპოზიცია პარლამენტში დარჩეს, რადგან უმნიშნელოვანესი საკონსტიტუციო ცვლილებაა მისაღები.
"საკონსტიტუციო ცვლილებები გვაქვს მისაღები, სადაც საჭიროა ოპოზიციური ხმების მობილიზება. ვინც ვერ ხვდება საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობას, ე.ი. ის მხარს არ უჭერს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას.
კითხვა ჩნდება შემდეგი - თვითმმართველობის არჩევნებში როდესაც იღებ ადგილებს, საკრებულოში შედიხარ, და ამას ბოიკოტს არ უცხადებ, პარლამენტიდან რატომ გადიხარ?" - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
პარლამენტის ფრაქცია "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარის მოადგილე, პაატა მანჯგალაძე კი ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებია მისაღები და ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ პარლამენტში მისი ფრაქციის წევრები რჩებიან.
საკითხს გამოეხმაურნენ მმართველ გუნდშიც.
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო ცვლილებებზე სამსჯელოდ მზად არის და ეს არის მათი კეთილი ნება. გარდა ამისა, მდინარაძე ამბობს, რომ ცვლილებებში რელევანტური იქნება ფორმულირება - 2024 წლის არჩევნები და არა - მომდევნო არჩევნები.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, მსჯელობის შედეგად გადაწყდება, თუ რა ნიშნულზე განისაზღვრება 2024 წლისთვის საარჩევნო ბარიერი.
"მომდევნო და 2024 წლის არჩევნები სხვადასხვაა? თქვენი კითხვიდან როგორც ჩანს და რადგან მომდევნო და 2024 წლის არჩევნები სხვადასხვა ჰგონია ვიღაცას, ან უნდა რომ ეგონოს, ან უნდა საზოგადოებას ასე დააჯეროს, შესაძლებელია, ძალიან რელევანტური იყოს, რომ 2024 წლის არჩევნებზე ვილაპარაკოთ და არა მომდევნო არჩევნებზე, რაც მისცემს ხალხის მოტყუების შესაძლებლობას ჩვენს ოპოზიციას,"- განაცხადა მდინარაძემ.