იგეგმება თუ არა ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგანგებო ბრიფინგი პოლიტიკური შეფასებების საგანი ხდება.
დესტრუქციული ძალის ლუსტრაცია - მმართველი გუნდის ამ განცხადებას ოპონენტები პასუხობენ და აღნიშნავენ, რომ აქვთ ყველა იმ ძალის გამოყენების კონსტიტუციური უფლება, რომელზეც სუს-ში ისაუბრეს.
პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი კი რაიმე რევოლუციურ სცენარს არ ელოდება და თვლის, რომ უბრალოდ, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი უმტკიცებს სააკაშვილს, თუ ვინ უფრო ერთგულია მის მიმართ:
"მე უბრალოდ არ მგონია, რომ მართლა რაიმე საფრთხე გვაქვს რევოლუციის სახით. ეს უფრო მიხეილ სააკაშვილის მიმართ ერთგულების გამოხატულებაა, როდესაც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი უმტკიცებს სააკაშვილს, თუ ვინ უფრო ერთგულია მის მიმართ. სავარაუდოდ, როდესაც ეს ემოციები ჩაცხრება და გადაწყდება, ვინ არის მთავარი მიხეილ სააკაშვილის შემდეგ, დაძაბულობა შემცირდება,"- აცხადებს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე კი სუს-ის განცხადებას "ძალიან შემაშფოთებელს" უწოდებს, ვინაიდან, მისი თქმით, პირდაპირ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზეა საუბარი.
ირაკლი ქადაგიშვილი კი, აცხადებს, რომ სუს-ის განცხადება იმის დასტურია, რომ ოპოზიცია არაკანონიერი ქმედებების განხორციელებას გეგმავს.
"მათი განცხადება ნიშნავს იმას, რომ არაკანონიერი ქმედებები იგეგმება ოპოზიციის ნაწილის მხრიდან, რაზეც ვიცით რომ სისხლის სამართლის საქმეც არის აღძრული. ეხლანდელი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოპოზიცია დესტრუქციული ქმედებებისთვის ემზადება. ეს ამავდროულად არის გაფრთხილება, რომ თუ ასეთი ქმედებები განხორციელდება კანონი სრული სიმკაცრით იმოქმედებს,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.