16 ნოემბერი 2024,   13:46
ვრცლად
პარლამენტი, მთავრობის ადმინისტრაცია, პრეზიდენტის სასახლე, შს და იუსტიციის სამინისტრო - იგეგმება თუ არა ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა 

რა დირექტივებს აძლევს მომხრეებს პატიმარი სააკაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ დაუკონკრეტებიათ. ანტიტერორისტული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ დღეს, საგანგებო ბრიფინგზე ისიც განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, 6 ნოემბრიდან აქციების პარალელურად, სტრატეგიული სახელმწიფო ობიექტების ბლოკირებას გეგმავენ. უწყებაში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე განაცხადეს, რომ ვითარების ესკალაციის მიზნით ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერის მკვლელობაც იგეგმება.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ინფორმაციას, ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის სურვილთან დაკავშირებით, უარყოფენ, თუმცა სუს-ის მიერ დასახელებულ პროტესტის ფორმებს კონსტიტუციურ უფლებად მიიჩნევენ. პარტიის წევრები მწვავე პროტესტს აანონსებენ.

სავარაუდო დესტაბილიზაციის მცდელობასთან დაკავშირებით, არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა სხვა ოპოზიციურ პარტიებში. "ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსში მყოფ ძალებში, აქცენტს პროტესტის მშვიდობიანობის აუცილებლობაზე აკეთებენ. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი, აქციების ერთადერთ დანიშნულებად, სააკაშვილისთვის პოლიტიკურად თავის მოწონებას ასახელებს.

"ნაციონალური მოძრაობის მორიგი ლუსტრაცია" - ასე აფასებენ მმართველ გუნდში უსაფრთხოების სამსახურის განცხადების შინაარსს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ სააკაშვილის გუნდს, ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთ გზად მთავრობის ძალისმიერი მეთოდებით დამხობა მიაჩნია. 

პატიმარი ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით, "ნაციონალური მოძრაობა", რუსთავის ციხესთან, პერმანენტულ აქციებს, დღეიდან იწყებს.

დღის ამბები