პარტია " ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ კადრები, რომლებიც გაასაჯაროვეს სააკაშვილის კვებასთან დაკავშირებით, არის
"ქართული ოცნების" სცენარი, რათა ყოფილმა პრეზიდენტმა უარი თქვას ყველანაირი დანამატის მიღებაზე, რომელის მიღებაც კონსილიუმის გადაწყვეტილების შედეგად გაიცა.
"პაციენტის კვება, ბავშვმაც იცის, რომ არ ხდება სამედიცინო კაბინეტში. სამედიცინო კაბინეტში კვებისთვის არავინ არ დადის, პატიმრის კვება ხდება საკანში და არა სამედიცინო კაბინეტში სადაც ეს კადრები არის გადაღებული. როგორც ომბუდსმენი ადასტურებს და როგორც თავად პატიმარი სააკაშვილი აცხადებს, ეს არის სპეციალური დანამატები, რომელიც ექიმების, კონსილიუმის მსჯელობის შედეგად თავის დროზე გაიცემოდა პაციენტ სააკაშვილზე. "ქართული ოცნების" რეალური მიზანი ამ პროცესში ბუნებრივია იყო, რომ სააკაშვილს უარი განეცხადებინა ყველაფრის მიღებაზე, მათ შორის, ამ ტიპის მედიკამენტების მიღებაზე და მან ეს გუშინ გააკეთა. ბუნებრივია, ეს არის თანმიმდევრული პოლიტიკური პასუხი სააკაშვილის მხრიდან, თუმცა ეს სავსებით არ დაეხმარება ძალიან მძიმე კრიზისულ სიტუაციას, რომელშიც უკვე ვიმყოფებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანდაცვის კუთხით,"- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ .