16 ნოემბერი 2024,   12:55
ვრცლად
გლდანის ციხე მოვლენების ეპიცენტრში - მესამე პრეზიდენტი გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს

ამ დროისთვის, რუსთავის ციხის მიმდებარე ტერიტორია, სადაც თვეზე მეტია ხალხმრავლობა იყო, დაცარიელებულია, მოვლენების ეპიცენტრი კი გლდანი ხდება.

ვერტმფრენი რუსთავის კოლონიის თავზე დღის ბოლოს გამოჩნდა. ციხეში შვილის სანახავად მისული გიული ალასანია აცხადებდა, რომ მასთან შეხვედრა ვერ მოახერხა და სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაიყვანეს.

ექსპრეზიდენტის პირადი ექიმის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასწრაფო ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია ექიმთა 5-კაციანმა კონსილიუმმა გასცა. ისინი პენიტენციურ დაწესებულებაში 2 საათზე შევიდნენ. ნიკოლოზ ყიფშიძის ინფორმაციით, მათ პატიმრის სასიცოცხლო პარამეტრები შეამოწმეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც შეაფასეს.

ექსპრეზიდენტი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა აზიარა და პატიმრის აღსარება ჩაიბარა. საპატიმროდან გამოსულმა მეუფე ნიკოლოზმა მედიას ისიც უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი დასუსტებულია, ვინაიდან 40 დღე მარხულობდა

ადვოკატები დილიდან სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში სასწრაფო ჰოსპიტალიზაციას მოითხოვდნენ, ამბობდნენ, იმასაც, რომ 10 ნოემბრის ჩანიშნული სასამართლო პროცესი მხოლოდ საქალაქო სასამართლოს კედლებში და მხოლოდ მედიის თანდასწრებით უნდა გამართულიყო,

მიხეილ სააკაშვილის სტუმრების სიაში დღესაც იყვნენ მისი თანაპარტიელები და თანამებრძოლები. დილიდან განცხადება გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმაც, სადაც ნათქვამი იყო, რომ დაწესებულება სრულად აკმაყოფილებს პაციენტისთვის საჭირო პირობებს.

მთავრობის მეთაურისთვის მიხეილ სააკაშვილის საკითხის განხილვა დასრულებულია. ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკურ ოპონენტებს აფრთხილებს, რომ ნებისმიერი პროვოკაცია აღკვეთილი იქნება.

მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას "ფეიკი" უწოდა მმართველი პარტიის თავჯდომარემ. "ქართული ოცნების" ლიდერები ოპონენტებს პოლიტიკურ სპეკულაციებშიც ადანაშაულებდნენ.

დღის ამბები