საქართველოს საგარეო უწყებამ უკრაინის ელჩს კიდევ ერთხელ მიაწოდა ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით. შეხვედრა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალიასა და ელჩ იგორ დოლოგოვს შორის გუშინ შედგა.
"უკრაინის ელჩს კიდევ ერთხელ მიეწოდა ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისი უსაფრთხოების დაცვის მიზნით და აღინიშნა, რომ უკრაინულ მხარეს აქვს შესაძლებლობა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნებისმიერ საკითხზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს როგორც უკრაინაში საქართველოს საელჩოს, ასევე კოლეგა უწყებების მხრიდან, რაც პერმანენტულ რეჟიმში ხორციელდება.
შესაბამისად, ქართულმა მხარემ გამოთქვა იმედი რომ აღნიშნული აღარ წარმოშობს დამატებით შეკითხვებს პარტნიორი სახელმწიფოს მხრიდან, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, რომელიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველო - უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობა და ხაზი გაესვა კანონმდებლობის, სახელმწიფო ინსტიტუტების და მართლმსაჯულების სისტემის ურთიერთპატივისცემის მნიშვნელობას," - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.