16 ნოემბერი 2024,   13:49
ვრცლად
გიგი უგულავა მეორე დღეა კრიტიკის ობიექტია - პოლიტიკოსის გამონათქვამებს ოპოზიციის მომხრეებიც გაემიჯნენ

თბილისის ყოფილი მერი და ამჟამად ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ორი დღეა კრიტიკის ობიექტია. მის გამონათქვამებს კრიტიკა მოჰყვა როგორც მმართველი გუნდის მხრიდან, ოპოზიციის მომხრეებიც კი გაემიჯნენ. საუბარია გიგი უგულავას მიერ სამართალდამცველის ოჯახთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე. 

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს გიგი უგულავა მწვავედ გააკრიტიკა. მიხეილ სარჯველაძე ფიქრობს, რომ პოლიტიკოსის მიერ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ოჯახის წევრების მიმართ გაკეთებულმა განცხადებამ, მათი უფლებები დაარღვია. სარჯველაძემ დღეს ისიც განმარტა, რომ ნებისმიერი სახის პრეტენზია პერსონებს შორის, ოჯახის წევრებისა და შვილების მიმართ მუქარაში არ უნდა გადაიზარდოს.

გიგი უგულავამ განცხადება, გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე გააკეთა. თუმცა, რამდენიმე საათში საზოგადოებას ბოდიში საკუთარ facebook გვერდზე მოუხადა.

უგულავას ქმედება არც სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მოუწონეს. საპარლამენტო ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ პრეტენზიები კონკრეტული პერსონების მიმართ, მხოლოდ სამართლებრივად უნდა გადაწყდეს.

გიგი უგულავას გამონათქვამი დღეს ყველაზე მწვავედ მმართველი გუნდის წევრებმა შეაფასეს. "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ უგულავა ოპოზიციის რეალურ სურვილებს ახმოვანებს, რომელიც მხოლოდ რევანშიზმით არის გაჯერებული.

პოლიტიკური სპექტრი ოპონირების მიუხედავად დღეს თანხმდება, რომ ოჯახის წევრებზე თავდასხმა მიუღებელია.

დღის ამბები