პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოადგილის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები მხოლოდ ნაწყვეტი იყო და მისი ინფორმაციით, არსებობს კიდევ სხვა კადრები, სადაც ჩანს, რომ ძალადობით გადმოჰყავთ მიხეილ სააკაშვილი მანქანიდან და ძალადობენ მასზე ფიზიკურად. ამის შესახებ ლევან ბეჟაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა.
"გავრცელებულმა კადრებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მიხეილ სააკაშვილის ძალით გადაყვანა მოხდა გლდანის ციხის საავადმყოფოში. მასზე განახორციელეს ფიზიკური ძალადობა. პენიტენციურმა სამსახურმა არ გამოაქვეყნა ის კადრები, თუ როგორი ძალადობით გადმოჰყავთ ის მანქანიდან და როგორ ძალადობენ მასზე ფიზიკურად. ჩვენ ამის შესახებ გვაქვს ინფორმაცია და ამას მიხეილ სააკაშვილიც ადასტურებს. მათ მხოლოდ შენობაში შეყვანის კადრები, ანუ ნაწყვეტი გაავრცელეს. ეს კადრები შოკისმომგვრელი იყო. ბუნებრივია, არსებობენ ადამიანები, ვისზეც ეს კადრები გათვლილი იყო, მათ ერთგვარად ხარკი გადაუხადა "ქართულმა ოცნებამ", როდესაც მიხეილ სააკაშვილს ასე არაადამიანურად მოექცნენ," - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.
პენიტენციურმა სამსახურმა დღეს, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრები გაავრცელა.