ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს აჯამებს.
შემაჯამებელ სხდომაზე 11 საჩივრის განხილვა მიმდინარეობს და მათი ავტორები ოპოზიციის წარმომადგენლები არიან.
მათი განცხადებით, საარჩევნო უბნებზე არა ერთი დარღვევა მოხდა. სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შორის კამათი იყო.
პარალელურად, სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. ცესკოს შენობასთან "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან. ისინი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვენ.
პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი, აკაკი მინაშვილი აცხადებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია დამოუკიდებელი ორგანო არ არის.
"პროტესტი დღეს ეხება სწორედ იმ გაყალბების პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს ამ უწყებაში, ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელიც არ არის მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი.
ეს პროტესტი გაგრძელდება აქაც და სხვა წერტილებშიც, დღესაც, ხვალაც და მანამ, სანამ არ იქნება მიღწეული მთავარი მიზნები. მთავარი მიზნები არის ვადამდელი არჩევნები ამ ქვეყანაში, სადაც მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, აირჩიო მათთვის სასურველი ხელისუფლება,“ - ამბობს აკაკი მინაშვილი.