ირაკლი კობახიძის განცხადება პოლიტიკური განხილვის თემად იქცა ოპოზიციასა და მმართველ გუნდში. ოპოზიცის თქმით, აღნიშნული წერილი ხელს შეუშლის დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავებას. წერილში "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს. ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ ქართული პოლიტიკური სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა მართლმსაჯულების პოლიტიზების გამუდმებული მცდელობაა, რომელშიც, მისივე თქმით, ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან და მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებთან ერთად, ჩართული არიან რადიკალური ოპოზიციის უცხოელი ლობისტებიც. "ქართული ოცნების" თავმჯდომარის გამოქვეყნებულ წერილს სრულად იზიარებენ მისი თანაგუნდელები
"ქართულ ოცნებაში", პარტიის თავმჯდომარის მიერ გავრცელებული წერილის შინაარსს სრულად იზიარებენ. ირაკლი კობახიძემ, გუშინ რამდენიმე ევროპელ პოლიტიკოსს, საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და სამართლის უზენაესობის პრინციპების პატივისცემისკენ მოუწოდა. კობახიძის განმარტებით, პარტნიორობისთვის აუცილებელია კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა მოვლენების შეფასებების დროს სუბიექტური სიმპათიებისგან თავი შეიკავონ. მმართველ გუნდში დღეს კიდევ ერთხელ თქვეს, რომ ევროპელი პოლიტიკოსებისა და დიპლომატების აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყანას, როგორც თანასწორუფლებიან მეგობარს ისე აღიქვამს, რასაც რამდენიმე პოლიტიკოსის ქმედება ჩრდილს ვერ მიაყენებს.
კობახიძის განცხადება "ოცნების" წევრებისგან რადიკალურად განსხვავებულად აღიქვეს "ნაციონალური მოძრაობისა" და მის პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებში. პოლიტიკოსები ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ვიზიტის პარალელურად გამოქვეყნებულ კრიტიკულ წერილს ქვეყნის საგარეო ორიენტირის ცვლილების საფრთხედ აღიქვამენ.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის კრიტიკულ წერილს არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა საპარლამენტო ოპოზიციაში. მათი ნაწილი საერთაშორისო პარტნიორების თვალში ქვეყნის იმიჯის გაუარესებაზე საუბრობს. მეორე ნაწილი კი ოცნებას ევროპარლამენტარების პოლიტიკური ნიშნით დაყოფისაგან თავის შეკავებას ურჩევს.
ოპონენტებს, დღეს "ქართულ ოცნებაში" უპასუხეს. უმრავლესობის წევრების თქმით, ქვეყნის იმიჯს ხელისუფლებისთვის შერჩევითი სამართლის პრინციპით მოქმედების მოთხოვნა აზიანებს და არა მისი პრევენციისთვის გაკეთებული განცხადებები. ოცნების წევრებმა ისიც განმარტეს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტს ბრალი, მძიმე დანაშაულებში მიუძღვის, შესაბამისად სააკაშვილის მიმართ კანონის უზენაესობა სხვა მოქალაქეების მსგავსად აღსრულდება.
ცნობისთვის: პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რამდენიმე ევროპელ პოლიტიკოს გუშინ მიმართა და მათგან საქართველოს სუვერენული უფლებების მიმართ პატივისცემა მოითხოვა.