20 ნოემბერი 2024,   13:17
ვრცლად
თბილისსა და ბაღდათში ორი უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის ამოღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და ბაღდათში, უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, ორი პირი დააკავა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული შ.ჩ. და 1983 წელს დაბადებული გ. ხ. ბაღდათსა და თბილისში დააკავეს. მათ ბრალი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედებათ.

იმერეთის პოლიციის თანამშრომლებმა ბაღდათში, ბრალდებული შ.ჩ.-ის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს კალაშნიკოვის კონსტრუქციის „აკს-47“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კი თბილისში, გ.ხ.-ის პირადი ჩხრეკისას, "ბროხარდტ-ლუგერის" სისტემის „პარაბელუმის” მოდელის პისტოლეტი, 1 მჭიდი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს,"- ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები