"ნაციონალური მოძრაობა" ავტოკოლონებით აქცია-მსვლელობისთვის ემზადება. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები თბილისის 3 სხვადასხვა ლოკაციაზე იკრიბებიან.
ავტოკოლონებით საპროტესტო მსვლელობა, აღმაშენებლის ხეივნიდან, ენმ-ს მთავარი ოფისიდან კახეთის გზატკეცილიდან და რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა უცვლელია - მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.
ოპოზიციონერები ამბობენ, რომ ისინი გარკვეული ტიპის პროვოკაციებს ელოდებიან და სწორედ ამის თავიდან არიდების მიზნით ზუსტი მარშრუტი და მსვლელობის მიმართულება არ საჯაროვდება.
აქცია დაგეგმილი იყო 14 საათზე, თუმცა ადგილზე მხარდამჭერები ჯერ კიდევ იკრიბებიან. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც.
საავტომობილო მოძრაობა რესპუბლიკის მოედანზე არ გადაკეტილა.