მამუკა ხაზარაძეს და ზურა ჯაფარიძეს მანდატები გაუუქმდათ - პარლამენტმა საკითხს კენჭი თავად პოლიტიკოსების მიმართვის საფუძველზე უყარა. მას შემდეგ, რაც "ლელოს" და "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერებს უფლებამოსილება შეუწყდათ, დღის წესრიგში ახლა ორი ფრაქციის დაშლის საკითხი დგას.
პარტია "გირჩის" წევრი, "გირჩის სამეფოს" მეფე, ჰერმან საბოს თქმით, ბევრი საინტერესო იდეა აქვს, რის განხორციელებასაც აპირებს.
"დავეხმარები, როგორც "გირჩს", რომ ჩვენ მეტი შევაჭრების ძალაუფლება გვქონდეს ნებისმიერი საკითხის გატანისას, ოთხი დეპუტატი ჯობია, რა თქმა უნდა სამს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია განათლების მიმართულება და მინდა ამ მიმართულებით აქტიურად ჩავერთო საკანონმდებლო პროცესში და სხვადასხვა საინტერესო ინიციატივებით შევაწუხო, როგორც "ქართული ოცნების", ისე ენმ-ს დეპუტატები,"- ამბობს ჰერმან საბო.
პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური ბრძოლისთვის მზად არის.
"მოცემულ ვითარებაში ჩვენ გავაგრძელებთ ყველა პლატფორმის გამოყენებას პოლიტიკურ ბრძოლაში, იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში მივაღწიოთ სამართლიანი არჩევნებით ხელისუფლების შეცვლას. ტაქტიკური და ტექნიკური საკითხებია ის კონკრეტულად რა ფორმას მიიღებს, თუ რა ფრაქცია იქნება, თუ რა ფორმით გავაგრძელებთ ფუნქციონირებას,"- განმარტავს ანა ნაცვლიშვილი.
პარლამენტის ფრაქცია "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარის ხათუნა სამნიძეს თქმით, ის არ ეთანხმება მისი კოლეგების გადაწყვეტილებას და მანდატის დატოვებას სწორ ნაბიჯად არ მიიჩნევს.
"არ ვეთანხმები ჩემი კოლეგების გადაწყვეტილებას, ჩვენ ვართ ბრძოლაში, რომელიც უნდა იყოს ყველა ფლანგზე გაშლილი და გვერდზე გადგომა, მანდატის დატოვება, არ მიმაჩნია, რომ სწორია. პოლიტიკური ფრაქციის არსებობა პარლამენტში არის მნიშვნელოვანი ბერკეტი. პარლამენტში დარჩება ორი ყველაზე დიდი პარტიის ფრაქცია. კიდევ ერთხელ პოლარიზებული სისტემა იქნება ასახული პარლამენტშიც,"- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.