სტრასბურგის სასამართლოს პრეს-რელიზს, სადაც ევროპული სასამართლო მომჩივანს შიმშილობის შეწყვეტას, მთავრობას კი პრეზიდენტის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს, შეფასებები მოჰყვა უმრავლესობაში.
”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ფარსს უწოდებს პოზიციას, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილი არ წყვეტს შიმშილობას, რადგან შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ ის სათანადო მკურნალობას ვერ მიიღებს.
კობახიძე ამბობს, რომ მას დაუყოვნებლივ შეუძლია შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება შიმშილობის შეწყვეტის თაობაზე.
"ყველა ხედავს, რომ აბსოლუტურად ყველაფერი არის ფარსი. როდესაც ადამიანი ცდილობს, რომ მოგატყუოს და გეუბნება, რომ იმის გამო არ წყვეტს შიმშილობას, რომ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ სჭირდება მკურნალობა, ეს ისეთი აბსურდის თეატრია, რომ საზოგადოება ამას უყურებს და ამას ყველაფერს ხვდება. ყველაფერი არის მიხეილ სააკაშვილის ხელში. მას შეუძლია შეასრულოს დაუყოვნებლივ სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება. ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ის შეწყვეტს შიმშილობას და ელენე ხოშტარიაც შეწყვეტს შიმშილობას. მაგრამ, ის ამას არ აკეთებს ერთი მარტივი მიზეზის გამო - ის არის ღირებულებით კონფლიქტში სტრასბურგის სასამართლოსთან და ზოგადად ყველაფერთან, რაც უკავშირდება ქვეყნის განვითარებას,“ - ამბობს ირაკლი კობახიძე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით სერგეენკო ამბობს, რომ მოწოდება შიმშილობის შეწყვეტის თაობაზე ლეგიტიმური და ჰუმანურია და ამ მოწოდებას თავადაც უერთდება.
"რაც შეეხება დეტალურ ინფორმაციას, თუკი ჯერ არ არის მიწოდებული, ვფიქრობ, რომ უახლოეს საათებში უნდა მიაწოდონ ეს ინფორმაცია. უნდა იყოს მიწოდებული, რა თქმა უნდა, რა საჭიროებები აქვს, რა დახმარება მიეწოდება და რა მზაობა აქვს ამ დაწესებულებას, გართულების შემთხვევაში, რომ მართოს ეს მდგომარეობა,“ - ამბობს დავით სერგეენკო.
განცხადება ამავე თაობაზე გააკეთა "ქართული ოცნების" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა, რომელიც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხის 18-ე დაწესებულებაში შექმნილი აქვს ყველა ის პირობა, რაც შიმშილობის შემდგომ სარეაბილიტაციოდ ადამიანს ესაჭიროება.