"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, მსჯავრდებული მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შეთავაზება კომპრომისული გადაწყვეტილებაა.
რომან გოცირიძის თქმით, რომ არა ოპოზიციის აქციები, ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის გადაწვეტილებას არ მიიღებდა.
"მიხეილ სააკაშვილის, პასუხი იქნება ალბათ მალე და პასუხი იქნება დამოკიდებული ექიმების რჩევაზე. რა თქმა უნდა, გადაწვეტილება უნდა მიიღონ ექიმებმა. თავისთავად შემოთავაზება არ არის ცუდი, ეს არის, ჩემი აზრით, კომპრომისული გადაწყვეტილება. გორის სამხედრო ჰოსპიტალი ეს არის ნახევრად სამოქალაქო ჰოსპიტალი, იქ მკურნალობენ სამოქალაქო პირები, სამხედრო პირები. არის კარგი რეპუტაციის, თუმცა ბოლო დღეებში ჩვენ მოვისმინეთ, რომ იქ არის ტექნიკური აღჭურვილობის მხრივ გარკვეული პრობლემები და თუ ეს ხარვეზები მოგვარებადია და ამ დასკვნას გასცემენ ექიმები, მაშინ გორის ჰოსპიტალი იქნება კარგი გამოსავალი ამ კრიზისის განმუხტვისთვის.
ეს აქციები რომ არ ყოფილიყო, დღეს იქნებოდა შეთავაზება მიხეილ სააკაშვილის ამ ჰოსპიტალში გადაყვანისა?! - განაცხადა რომან გოცირიძემ "დღის კურიერის" ეთერში.
იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს. მე-3 პრეზიდენტი ამ დრომდე გლდანში, მე-18 სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულების რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.