16 ნოემბერი 2024,   14:09
ვრცლად
მესამე დღე გორის სამხედრო ჰოსპიტალში -  ექსპრეზიდენტს გადაადგილება არ შეუძლია, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

უკვე მესამე დღეა, რაც მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში შიმშილობის შემდგომ მკურნალობას განაგრძობს. ექიმების ინფორმაციით, გასული დღეების განმავლობაში გართულებები არ ყოფილა. პატიმარი ექსპრეზიდენტი ვერ გადაადგილდება, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების თქმით, ამ დროისთვის სტაბილურია და ნელ-ნელა უმჯობესდება. შედგენილია მენიუც და სპეციალური კვების გრაფიკიც. პაციენტი კი კონსილიუმის წევრების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არის, ექიმები გორის ჰოსპიტალში დილიდან შევიდნენ.

ექსპრეზიდენტის დედა, გიული ალასანია მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილმა რეაბილიტაციის კურსი ციხის კედლების გარეთ უნდა გაიაროს. მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის გათავისუფლების აუცილებლობაზე დღეს მისი მეუღლე ლიზა იასკოც საუბრობდა.

გორის ჰოსპიტალს დღეს, ოჯახის გარდა, მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლებიც სტუმრობდნენ, მათ შორის, განათლების ყოფილი მინისტრი და ყოფილი ელჩი გაეროში კახა ლომაია. წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანი ამერიკის შეერთებული შტატებიდან სპეციალურად ჩამოვიდა.

მიხეილ სააკაშვილთან პალატაში შევიდნენ მისი ადვოკატებიც. ეს იყო უფლებადამცველების პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც პატიმარი ექსპრეზიდენტი მკურნალობის გასაგრძელებლად ციხის საავადმყოფოდან, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ადვოკატების ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა სასჯელის გადავადება იყო. მათი თქმით, ვინაიდან სააკაშვილი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყო, მას თავისუფლად მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს.

მიხეილ სააკაშვილისა და მისი ახლო გარემოცვის პოლიტიკური სურვილები აბსურდულია მმართველი გუნდის წარმომადგენლებისთვის. ,,ქართული ოცნების’’ ლიდერები აცხადებენ, რომ მკურნალობის შემდეგ ყოფილი პრეზიდენტი რუსთავის ციხეში დაბრუნდება და სასჯელს კვლავ იქ მოიხდის. მათთვის მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში დღის წესრიგს ვეღარ ქმნის.

ექსპრეზიდენტი გლდანის ციხიდან ახალ მისამართზე, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, 20 ნოემბრის ღამეს გადაიყვანეს. სამხედრო ჰოსპიტალთან, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული, ადგილზე კვლავ რჩებიან სამართალდამცველები.

დღის ამბები