"ქართული ოცნების" წარმომადგენლები სტრასბურგში შეხვედრებს განაგრძობენ. დღეს მმართველი პარტია შეხვედრას ევროპარლამენტარებთან გეგმავს. შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ქვეყნის ინტეგრაციაზე - NATO-სა და ევროკავშირში.
ამასთანავე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, დისკუსია შეეხება იმასაც, რომ საქართველოში არსებული პოლარიზაცია უნდა დასრულდეს და ქვეყანაში ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი შეიქმნას.
"ყველა თემას შევეხებით, რაც უკავშირდება ადგილობრივ პოლიტიკას, საქართველოში პოლიტიკურ პროცესებს, რა თქმა უნდა, საუბრის ერთ-ერთი თემა იქნება სააკაშვილიც, თუმცა ჩვენთვის მთავარია, რომ მივიტანოთ ის გზავნილები, რომლებიც უკავშირდება ქვეყნის სამომავლო განვითარებას.
ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი და ჩვენი პარტნიორებისთვისაც ბუნებრივია მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში შეიცვალოს დღის წესრიგი, გამოვიდეს პოლარიზაციის ჩაკეტილი წრიდან, ეს არის თანაბრად მნიშვნელოვანი როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ასევე ყველასთვის, ვისაც გული შესტკივა საქართველოზე. აქედან გამომდინარე ჩვენ გარდა ამ დეტალებისა, რომელიც უკავშირდება სააკაშვილის პატიმრობას, პირველ რიგში სწორედ ამ დღის წესრიგის ცვლილების საჭიროებაზე გვექნება საუბარი," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, ქართული დელეგაციის წევრები გუშინ ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს შეხვდნენ.