16 ნოემბერი 2024,   13:46
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი პირველად განსასჯელის სკამზე - რაზე ისაუბრა ექს პრეზიდენტმა სასამართლო დარბაზში 

ყოფილმა პრეზიდენტმა თავიდანვე განაცხადა რომ ქართულ სასამართლოს არ ცნობს, თუმცა პროცესი დღეს, როგორც ტრიბუნა მაინც გამოიყენა. 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სასამართლოზე ბრალდებული სააკაშვილი პირველად წარსდგა.

ექს-პრეზიდენტმა ერთსაათიანი გამოსვლის ნაწილი სწორედ 14 წლის წინ ნოემბერში განვითარებულ მოვლენებს დაუთმო და თქვა, რომ გადაწყვეტილებებს აქციის დაშლის და საპოლიციო ღონისძიების შესახებ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი იღებდა. სააკაშვილმა დღეს გირგვლიანის მკვლელობისა და ვალერი გელაშვილის საქმეებზეც ისაუბრა და მათ პიარის ნაწილი უწოდა.

გარდა მიმდინარე გამოძიებისა ექს-პრეზიდენტმა დღეს საქართველოში დაბრუნების მოტივებზეც ისაუბრა. სააკაშვილმა განმარტა, რომ გარდა საქართველოში მყოფი მხარდამჭერებისა, მას ჩამოსვლისკენ ოჯახის წევრებმაც მოუწოდეს. ბრალდებულის თქმით, ჩამოსვლამდე ის ევროპარლამენტარებსა და ამერიკელ სენატორებსაც ესაუბრა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმეწუთიანი ფიქრის შემდეგ დამოუკიდებლად მიიღო.

ვრცელი მიმართვის დასრულების შემდეგ პატიმარმა სააკაშვილმა საქალაქო სასამართლოს დარბაზი დატოვა, რაც პროკურორების მხრიდან მისი კრიტიკის საფუძველი გახდა. ჯარჯი წიკლაურმა დღეს დაცვის მხარეს 7 ნოემბერს ჩადენილი დანაშაულებები და დაზარალებულები შეახსენა. მისი თქმით, პროცესზე მტკიცებულებების განხილვის მოსმენაზე დაცვის მხარის უარი საქმის არსებით განხილვას აფერხებს.

ექს-პრეზიდენტის ინტერესების დამცველები მიიჩნევენ, რომ შვიდი ნოემბრისა და სხვა საქმეებზე ბრალდებები უსაფუძვლოა, რადგან აქციის დაშლის შემდეგ სააკაშვილმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა წლების წინ აიღო.

ადვოკატების განცხადებას, პროკურორის მხრიდან ტელეკომპანია იმედის დარბევისა და გირგვლიანის მკვლელების განთავისუფლების საქმეზე საუბარი მოჰყვა. ჯარჯი წიკლაურის თქმით, პროკურატურა მზადაა ამ საქმეებზე სასამართლოს უტყუარი მტკიცებულებები წარუდგინოს.

7 ნოემბრისა და ტელეკომპანია იმედის დარბევის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 23 დეკემბერს გაიმართება.

დღის ამბები