"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს და მის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება. კობახიძის შეფასებით, გუშინ საზოგადოებამ იხილა "ყოფილი დიქტატორი, რომელიც მისტირის ძალაუფლებას."
ირაკლი კობახიძე იმ დანაშაულების შესახებ წერს, რომელიც მისი თქმით, სწორედ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ხდებოდა.
"გუშინდელმა გამოსვლამ ალბათ ყველას გაგვახსენა მარკესის ცნობილი ნაწარმოები "პატრიარქის შემოდგომა“- გუშინ ჩვენ ვიხილეთ ყოფილი დიქტატორი, რომელიც მისტირის ძალაუფლებას, რომელიც მას თავის დროზე ჰქონდა და რომელსაც ის წლების მანძილზე ბოროტად იყენებდა.
ჩვენ გვახსოვს მის მიერ ჩადენილი დანაშაულები და კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ გარდა იმისა, რომ მას წარსულში ჩადენილი აქვს დანაშაულები, ის დღეს, დღესაც, დღემდე, რომ გამოვიყენოთ სისხლის სამართლის ტერმინოლოგია, არის საზოგადოებრივად საშიში.
ჩვენ რომ დავუშვათ თეორიულად ის, რომ მას განეხორციელებინა ის გეგმა, რომლითაც ის ჩამოვიდა საქართველოში ტრაილერით, მაცივრით, პროდუქტებთან ერთად, მაშინ შესაცოდი იქნებოდა უკვე ჩვენი ქვეყანა და ხალხი - ბუნებრივია, ეს ვერ მოხდებოდა, გამომდინარე იქედან, რომ ხელისუფლება დგას მოწოდების სიმაღლეზე და სისტემა მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს;
წამება, არაადამიანური მოპყრობა, გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება, მონოპოლიზაცია, ტერიტორიების გადაცემა - ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ უმძიმესი დანაშაულებისა, რომლებიც ჩაიდინა თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა, მისმა რეჟიმმა და იმ პოლიტიკურმა პარტიამ, რომელსც ჰქვია "ნაციონალური მოძრაობა“ და რომელსაც აქვს თავისი განშტოებები დღევანდელ პოლიტიკურ მოცემულობაში.
ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ვართ ცივილიზებული, ევროპული ყაიდის საზოგადოება, რომლისთვისაც არის მიუღებელი და შეუთავსებელი ის დანაშაულები, რომელსაც წინა რეჟიმი და წინა ხელისუფლება ჩადიოდა და ჩვენ ვიმსახურებთ არსებითად სხვა ტიპის სისტემას, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოში 2012 წლის შემდეგ.
განსაკუთრებით აქტიურობდნენ მელია-უგულავა, ორი ადამიანი, რომლებიც თავის დროზე პოლიტიკური შეთანხმებების შემდეგ გათავისუფლდნენ და დღეს სწორედ ისინი ცდილობენ ჩადგნენ პოლარიზაციის სათავეში, თუმცა მათი ეს მცდელობებიც წარუმატებლობისთვის არის განწირული.
ჩვენი მთავარი ამოცანაა დღის წესრიგის ცვლილება, ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებას სჭირდება დღის წესრიგის შეცვლა - ჩვენ ასეთი განზრახვა გვქონდა უკვე არჩევნების მეორე დღიდან, თუმცა სამწუხაროდ, ამ გასული ერთი თვის განმავლობაში მაინც მოახერხეს და ჩატოვეს სააკაშვილის და ა.შ. პოლარიზაციის რეჟიმში, ძველ დღის წესრიგში, რომელიც აუცილებლად შეიცვლება და შეიცვლება ძალიან მალე და ამაში არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა თითოეული პარტიის, რომელიც არის წარმოდგენილი პარლამენტში;
ჩვენ გვჭირდება პოზიტიური, ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული დღის წესრიგი- ყველას მოგიწოდებთ კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ." - წერს ირაკლი კობახიძე.