მმართველი გუნდი და ოპოზიციის ნაწილი მიხეილ სააკაშვილისგან სინანულს ელოდა, ამის მაგივრად კი, მათი განცხადებით, ყოფილმა პრეზიდენტმა ყველა ბრალდება უარყო, ხოლო იმ სისტემურ დანაშაულებს, რის გამოც ხალხმა ხელისუფლების შეცვლას დაუჭირა მხარი, პატიმარმა მხოლოდ მცირე გადაცდომა უწოდა.
სააკაშვილის გუშინდელი სიტყვის შემდეგ პოლიტიკური სპექტრი დარწმუნდა, რომ ყოფილი პრეზიდენტი არ შეცვლილა:
"გუშინ ვნახეთ მატყუარა, ფლიდი ადამიანი, რომელიც არ ზოგავს თავისივე თანაგუნდელებს და დანაშაულს მათ აბრალებს. ეს პირველი არ არის, მან ადრე თქვა, რომ არ იცნობს მეგის ქარდავას - მთავარ მწამებელს, თუმცა ეს არის ადამიანი, რომელიც სააკაშვილს 2-ჯერ ჰყავს დაჯილდოებული. ერთხელ ღირსების ორდენით და მეორედ, ვახტანგ გორგასლის მეორეხარისხის ორდენით, რაც უმაღლესი საბრძოლო ჯილდოა. მზად არის ყველას ყველაფერი დააბრალოს, ოღონდ მას სასჯელი არ შეეხოს. შესაძლოა ისიც ვიხილოთ, თითქოს მან არ იცოდა, რომ თემურ ჯანაშია აგზავნიდა სახელმწიფო თვითმფრინავს იმისათვის, რომ მისთვის მასაჟისტი ჩამოეყვანა გერმანიიდან და შესაძლოა ისიც არ იცოდეს, რომ მის კერძო ვიზიტებში, ერთ ღამეში სასტუმროში 18 000$-ს იხდიდნენ," - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი.
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ამილახვარი კი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ყველაფერზე წავა, რათა მართლმსაჯულებას თავი დააღწიოს.
"სააკაშვილი წავა ყველაფერზე, რომ მართლმსაჯულებას თავი დააღწიოს და გადააბრალოს მის უახლოეს მეგობრებს ის დანაშაულები, რომლებსაც ერთად აკეთებდნენ. ვინმეს შეუძლია წარმოიდგინოს, რომ თემურ ჯანაშია მისი დავალების გარეშე იყიდდა პიჯაკებს? ეს წარმოუდგენელია. "ნაციონალური მოძრაობის" დროს მიხეილ სააკაშვილის გარეშე ვერაფრის გადაწყვეტა ვერ ხდებოდა მის გარეშე,"- აღნიშნავს გიორგი ამილახვარი.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი კი, მმართველი გუნდის შეფასებებს არარელევანტურს უწოდებს. ის ასევე განმარტავს, რომ 7 ნოემბრთან დაკავშირებით სააკაშვილს სხვა კონტექსტში სურდა განცხადების გაკეთება:
"სააკაშვილმა თქვა, რომ ის სამართლებრივად არ არის პასუხისმგებელი და არც იქნება მისი მხრიდან დანაშაული. ეს იყო პოლიტიკური თვალსაზრისით არასწორი ნაბიჯი და სწორედ ამიტომ აიღო სააკაშვილმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა. სასაცილოა იმაზე მინიშნება, თეიმურაზ ჯანაშიასთან დაკავშირებით უნდა ველოდოთ თუ არა რაიმე დასკვნას. არ მგონია ვინმე გონიერ ადამიანს გუშინდელიდან გამოეტანა დასკვნა, რომ სააკაშვილმა ვიღაცისკენ ხელი გაიშვირა,"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.