20 ნოემბერი 2024,   11:24
ვრცლად
ბედნიერია ერი, როდესაც ეკლესიას ჰყავს ასეთი ბრძენი მეთაური - კელი დეგნანი ილია II-ზე

ილია მეორემ აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი მიიღო, ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. 

"ელჩმა საქართველოს პატრიარქს აღსაყდრებიდან 44-ე წლის იუბილე მიულოცა და ხაზი გაუსვა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის როლს ქართველი ერის ცხოვრებაში, ერისა, რომელიც ისტორიულად მრავალრელიგიური და მრავალეთნიკური ქვეყანაა. ბედნიერია ერი, როდესაც ეკლესიას ჰყავს ასეთი ბრძენი მეთაური, - დასძინა მან.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობას უკვე მრავალი წლის ისტორია აქვს და ეს უნდა გაგრძელდეს. ამასთან ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის, ასევე ქართული კულტურის ძეგლების აღდგენაში შეტანილი წვლილისთვის.

თავის მხრივ ქალბატონმა კელი დეგნანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მათთვის დიდი პატივია წვლილი შეიტანონ ისეთი მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლების გადარჩენაში, როგორებიცაა გელათისა და ჯვრის მონასტრები.

მან ბრძანა ისიც, რომ მომავალ წელს სრულდება 30 წელი საქართველოსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დაწყებიდან და ამასთან დაკავშირებით გეგმავს სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას, მათ შორის, საქართველოს რეგიონებში მოგზაურობას.  

შეხვედრის დასასრულს მისმა უწმინდესობამ ელჩს მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა და ბედნიერი შობა-ახალი წელი უსურვა," - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები