აფეთქების შემდეგ, ვაზისუბნის ერთ-ერთი კორპუსიდან გამოყვანილი მაცხოვრებლები ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან. როგორც ისნის რაიონის გამგებელმა განაცხადა, შენობის მდგრადობას სპეციალისტები სწავლობენ.
მისივე თქმით, მოსახლეობა სრულად ევაკუირებულია.
"კორპუსში ადგილზეა თბილისის ლაბორატორიის სამსახური, რომელიც ამოწმებს კორპუსის მდგრადობას, მზიდი კედლების მდგომარეობას. წუხელ აფეთქების შედეგად რაც დანაგვიანდა, ის ტერიტორია უკვე გაწმენდილია, ველოდებით დასკვნას.
5 ოჯახი არის გადაყვანილი სასტუმროში. ყველანაირი პირობა აქვთ შექმნილი ამ ადამიანებს იქამდე, ვიდრე თავიანთ სახლებს დაუბრუნდებიან. დანარჩენმა ოჯახებმა თავადვე გამოთქვეს სურვილი, რომ ნათესავებთან წასულიყვნენ, ზოგს ჰქონდა სხვა ბინაც," - განაცხადა თბილისის ისნის რაიონის გამგებელმა, ნიკოლოზ ელისაშვილმა.
9-სართულიანი კორპუსის პირველი სართული ფაქტობრივად სრულად განადგურებულია. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე შემთხვევის ადგილის სიახლოვეს გადაადგილება აკრძალულია.
ადგილობრივების განცხადებით, მათ ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს.
"ლამის უსახლკაროდ დავრჩით, გადავრჩით. ძალიან ძლიერი აფეთქების ხმა იყო, მე მეგონა კორპუსი დაინგრა. ყველა ევაკუირებულია, დროზე მოვიდნენ, გამოგვიყვანა სამაშველომ," - აღნიშნა ერთ-ერთმა მცხოვრებმა.
ამასთან, აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა ისევ მძიმეა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტს სხეულის 60%-ის და სასუნთქი გზების დამწვრობა აქვს. დაშავებულია კიდევ სამი პირი.