20 ნოემბერი 2024,   11:24
ვრცლად
50 წელს ზემოთ მოქალაქეები ვაქცინაციის შემთხვევაში 200 ლარს მიიღებენ - როდიდან ელოდებიან "ომიკრონის" მასიურ გავრცელებას სპეციალისტები

საქართველოში დღეის მონაცემებით, "ომიკრონის" 63 დადასტურებული შემთხვევაა, თუმცა ეს ციფრი სავარაუდოდ ხვალ კიდევ გაიზრდება. ლუგარის ლაბორატორიაში 100-ზე მეტ საეჭვო ტესტს იკვლევენ. სპეციალისტები 2-3 კვირაში შემთხვევების მასიურ ზრდას ელოდებიან. სამხრეთ აფრიკული შტამით ინფიცირებულთა უმეტესობა ვაქცინირებულია, 6 პაციენტი კი ვირუსით მეორედ დაინფიცირდა.

თეორია იმის შესახებ, რომ შესაძლოა ახალი შტამი პანდემიის დასასრულის დასაწყისი გახდეს, ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგისთვის დამშვიდების საფუძველი არ არის. ამირან გამყრელიძე ვირუსის პიკური გავრცელების პერიოდში ჰოსპიტალურ სექტორზე მომატებულ ზეწოლას არ გამორიცხავს. იმისთვის, რომ სავარაუდო მძიმე სცენარი არ განვითარდეს, გამოსავალს სპეციალისტები იმუნიზაციისა და ბუსტერ დოზების გააქტიურებაში ხედავენ.

იმუნიზაციის წახალისების მიზნით საკოორდინაციო საბჭომ დღეს დამატებითი გადაწყვეტილება მიიღო. 50 წლის ზემოთ მოქალაქეები აცრის გაკეთების შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან ერთჯერადად 200 ლარს მიიღებენ. ჯანდაცვის ექსპერტები ფიქრობენ, რომ დამატებითი მოტივაცია მნიშვნელოვანია, რათა ვაქცინაციის პროცესმა რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოიცვას.

სხვა შტამებთან შედარებით "ომიკრონი" მსუბუქი სიმპტომებით ხასიათდება, თუმცა სპეციალისტების თქმით, ამ შემთხვევაშიც ვაქცინაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ნაკლებად მძიმე ავადობის მიუხედავად, კვლავ მაღალი რჩება ლეტალობის რისკი.

საქართველოში ომიკრონის შტამით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა 20 დეკემბერს დადასტურდა. 28 დეკემბრისთვის ლაბორატორიულად გამოვლენილია 63 შემთხვევაა, ინფიცირებულთა შორის 5 ბავშვია.

დღის ამბები