20 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
"ორჯერ იყო გასროლა ჩვენი მიმართულებით" - საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულები ქართულ მხარეს გადმოსცეს

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ორი ტყვე ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. გატაცებულები ორი პირი საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს ერგნეთის საგუშაგოსთან გადასცეს.  

ისინი რუსმა სამხედროებმა დუშეთის რაიონის სოფელ გრემისხევთან იმ დროს გაიტაცეს, როდესაც ტყეში შეშის შესაგროვებლად იმყოფებოდნენ.

გათავისუფლებულები მათ დაკავებას მედიასთან იხსენებენ და ამბობენ, რომ შეშის შეგროვების დროს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მათთან მივიდნენ, იარაღი დაუმიზნეს და გაფრთხილების შემდეგ გაისროლეს კიდეც.

"ვიმყოფებოდით გრემისხევის საოკუპაციო ზოლთან, შეშაზე, სადაც დაგვაკავეს რუსებმა. გადაგვიყვანეს ახალგორში და გადმოგვიყვანეს მერე ცხინვალში. ხელისუფლების და საერთაშორისო დამკვირვებლების მეშვეობით, დღეს გათავისუფლებულები ვართ. ორჯერ იყო გასროლა, ჩვენი მიმართულებით იყო გასროლილი. თვითონ ისინი გადმოვიდნენ ჩვენს ტერიტორიაზე. თვითონვე თქვეს, რომ იქით არის ჩვენი მხარე და აქეთ არის თქვენიო," - ამბობს ერთ-ერთი გათავისუფლებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ანთაძე ამბობს, რომ მომხდარი ფაქტი იანვრის ბოლოს დაგეგმილ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე მწვავედ დაისმევა.  

"მთავარი ყურადღება ფოკუსირებული იყო, რათა უკანონოდ დაკავებული ჩვენი თანამოქალაქეები გადმოგვეყვანა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. გარკვეული დეტალები ჩვენთვის ცნობილია, თუმცა მათთან დაიწყება დეტალური მუშაობა, ანუ დეტალურად გამოვიკვლევთ უკანონო დაკავების ყველა გარემოებას და ბუნებრივია, მსგავსი აღმაშფოთებელი ძალადობა არის მიუღებელი და აღნიშნული საკითხი ძალიან მწვავედ დადგება მომავალი წლის იანვრის ბოლოს დაგეგმილ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე," - ამბობს ირაკლი ანთაძე.

გათავისუფლებულები გორის პოლიციაში უნდა გადაიყვანონ. სამართალდამცველები მათ მომხდარის შესახებ დეტალურად გამოკითხავენ.

დღის ამბები