ცხინვალის იზოლატორიდან საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე გაათავისუფლეს.
ოკუპანტებმა ნიკო ბეჟიტაშვილი და კვირიკე ელიზბარაშვილი თითქმის 35-საათიანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლეს. გრემისხევის ტყიდან გატაცებულები ჯერ ახალგორში ჰყავდათ, შემდეგ ცხინვალში გადაიყვანეს. როგორც თავად ყვებიან, ტყეში, შეშის შესაგროვებლად წასულებს, საოკუპაციო ზოლთან ახლოს ოკუპანტებმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მიაგნეს. ე.წ. საზღვრის კვეთის ცრუ ბრალდებით დაკავების დროს მათზე ფიზიკურად იძალადეს. ოკუპანტებმა ორჯერ გაისროლეს.
გრემისხევის ტყიდან გატაცებას დავით მიშელაშვილმა თავი გაქცევით დააღწია. ის ე.წ. საზღვრის გადაკვეთაზე ადრეც ჰყავდათ დაკავებული. სავარაუდოდ, ოკუპანტებმა ცეცხლი მას შემდეგ გახსნეს, რაც მიშელაშვილი გაექცათ.
ნიკო ბეჟიტაშვილის და კვირიკე ელიზბარაშვილის გატაცების ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სწავლობს. დღეს გათავისუფლებულების გარდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი კიდევ 5 მოქალაქის საკითხი მომავალი წლის ჟენევის ფორმატის დღის წესრიგში დადგება.
ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულების გამოკითხვა გორის პოლიციაში სავარაუდოდ დღესვე მოხდება.