რამდენიმე წუთში ყაზახეთიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩარტერული რეისი დაეშვება. ბორტზე 12 მგზავრია. არიან თუ არა მათ შორის საქართველოს მოქალაქეები, ეს ჯერჯერობით უცნობია. ეს არის პირველი რეისი, რომელიც ყაზახეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვება. დღესვე არის დაგეგმილი ამავე თვითმფრინავის რეისი თბილისიდან აქტაუს მიმართულებით.
გარდა ამისა, დღეს ქუთაისის აეროპორტში რეისი შესრულდა ყაზახეთიდან.
"დღეს შესრულდა ყაზახეთიდან ქუთაისის მიმართულებით რეისები - აქტაუ და ატირაუ. რეისები დაგვიანებით ჩამოფრინდა. აქტაუს ჩამოჰყვა 17 მგზავრი, ატერაუს 70 მგზავრი. აქედანაც მიმდინარეობდა რეგისტრაცია. ეს იყო გეგმიური რეისები, ჯერ დავარეგისტრირეთ გეგმიურად ვისაც ჰქონდა ბილეთები შეძენილი და შემდეგ უკვე თავისუფალი ადგილები რაც იყო დარჩენილი, ავიყვანეთ გაუქმებული რეისების მგზავრები. ამ ეტაპზე ატირაუზე 176 მგზავრია," - განაცხადა კომპანია "ფლაი არისტანის" წარმომადგენელმა მარეხ შარვაშიძემ.