ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საერთაშორისო მოგზაურებისგან საქართველომ 2021 წელს 1 244 941 717 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. აქვე ნათქვამია, რომ 2021 წელი საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის აღდგენა სწრაფი ტემპით გამოირჩეოდა, როგორც შემოსავლების, ასევე მოგზაურების კუთხით.
"საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დინამიკა, 2019 წელთან შედარებით, ყოველთვიურად სწრაფი ტემპით მიმდინარეობს - 2021 წელს აღდგენილია შემოსავლების 38 პროცენტი. რაც შეეხება დეკემბრის თვეს, აღდგენის მაჩვენებელმა 58 პროცენტი შეადგინა. 2020 წელთან შედარებით კი შემოსავლების ზრდა 130 პროცენტს აღემატება.
2021 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურის რაოდენობამ 1 881 271 შეადგინა. აღდგენის კოეფიციენტი კი, 2019 წლის მონაცემთან შედარებით, 20 პროცენტია. 2020 წელთან შედარებით კი საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 7.7 პროცენტით გაიზარდა.
2021 წლის 12 თვეში საქართველოში 1 577 463 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა. 2019 წლის მონაცემთან შედარებით, ტურისტული ვიზიტების 31 პროცენტი აღდგენილია. 2020 წელთან შედარებით კი ზრდა 45.1 პროცენტს შეადგენს.
2021 წელს საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების უმეტესი რაოდენობა საჰაერო საზღვრით განხორციელდა. კერძოდ, ვიზიტების 51 პროცენტი საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების საშუალებით შესრულდა. აღდგენამ კი, 2019 წელთან შედარებით, 48 პროცენტი შეადგინა," - აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშშია ნათქვამია, რომ 2021 წლის სექტემბერში საქართველოში 160 763 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 226.4 პროცენტით მეტია.
ანგარიშის მიხედვით, სახმელეთო გზით საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში 82 850 ვიზიტი განხორციელდა, საჰაერო გზით – 76 818, საზღვაო გზით – 526 და სარკინიგზო გზით – 574.
კონკრეტული ქვეყნების მონაცემები კი ასეთია: თურქეთი – 32 628 ვიზიტორი, სომხეთი – 18 656 ვიზიტორი, რუსეთი – 18 442 ვიზიტორი, საქართველო (არარეზიდენტი) – 13 223 ვიზიტორი, ისრაელი – 9 331 ვიზიტორი, აზერბაიჯანი – 8 787 ვიზიტორი, უკრაინა – 7 044 ვიზიტორი, ინდოეთი – 4 993 ვიზიტორი, საუდის არაბეთი – 4 917 ვიზიტორი, ფილიპინები – 4 830 ვიზიტორი, ყაზახეთი – 4 624 ვიზიტორი, უზბეკეთი – 4 014 ვიზიტორი, ირანი – 3 851 ვიზიტორი, ბელარუსი – 2 286 ვიზიტორი, აშშ – 1 488 ვიზიტორი.