სოციალური მომსახურების სააგენტომ სოციალური აგენტებისა და უფროსი სოციალური აგენტების გაზრდილი ხელფასების შესახებ ახალი ბრძანება დაამტკიცა.
დოკუმენტის თანახმად, სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60%-მდე იზრდება. კერძოდ, მათი ხელფასი 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი - 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი.
ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ. ბრძანება ძალაში 20 იანვრიდან შევა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება 1 აპრილამდე შეჩერდა. გადაწყვეტილება არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ სოცმუშაკები პროტესტის ნიშნად აქციას ჯანდაცვის სამინისტროსთან მართავენ. გაფიცულები ხელფასების 60%-იან ზრდას არ თანხმდებიან. აქციის მონაწილეების განცხადებით, საპროტესტო აქციებს მანამ გააგრძელებენ, სანამ მათი ანაზღაურება 100%-ით არ გაიზრდება.