პანდემიის განმავლობაში პირველად, რეკორდული - 15 762 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. საკოორდინაციო საბჭომ რისკები განსაზღვრა და დღეს გადაწყვეტილებებიც მიიღო.
უსიმპტომო პირებისთვის სისტემატიური ტესტირება დროებით შეჩერდება. ის მოქალაქეები, ვინც კორონა გადაიტანა, მაგრამ მონაცემების ბაზაში ასახული არ არის და ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ, მწვანე ბარათს მაინც მიიღებენ.
რეკორდული ლაბორატორიული მონაცემების მიუხედავად, საკოორდინაციო საბჭომ ამ ეტაპზე რეგულაციები არ გაამკაცრა და 50 წელს ზემოთ მყოფი პირებისთვის წამახალისებელი კამპანია წამოიწყო. ვინც ბუსტერ დოზას გაიკეთებს, ბონუსად 100 ლარი ჩაერიცხება. კიდევ ერთი თვის განმავლობაში 200 ლარიან დანამატს მიიღებენ პირველ აცრის შემთხვევაშიც.
"ომიკრონი" ქვეყანაში უკვე 90%-ით ცირკულირებს. კლინიკები 45 %-ით არის დატვირთული. კოვიდ ცენტრებში ინფიცირებულები ჯერ კიდევ დელტა შტამის შედეგებს ებრძვიან. ზეწოლა ყოველდღიურად იზრდება ამბულატორიული მიმართულებით, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ პაციენტთა ნაკადს უმკლავდებიან.
ქვეყანაში მომდევნო ორი-სამი კვირა ომიკრონის პიკი იქნება. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, ვირუსი შიდა გავრცელების მაქსიმალური ნიშნულს მიაღწევს. მედიკოსებს იმედი აქვთ, რომ მოსალოდნელი რისკების დაზღვევა რეგულაციების დაცვით და იმუნიზაციის პროცესის გააქტიურებით შესაძლებელი იქნება.