19 მაისი 2024,   22:51
ვრცლად
ევროპამ უნდა შეწყვიტოს რუსეთის შიში - ზელენსკიმ ესპანეთის პარლამენტს მიმართა

ევროპამ უნდა შეწყვიტოს რუსეთის შიში - ასეთი იყო უკრაინის პრეზიდენტის მთავარი გზავნილი ესპანეთის პარლამენტისადმი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესპანეთის საკანონმდებლო ორგანოს სიტყვით მიმართა. ზელენსკიმ დეპუტატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა, თქვა ისიც, რომ მსოფლიომ მეტი უნდა გააკეთოს.

"მადლიერი ვარ თქვენი ქვეყნის მხარდაჭერის, მაგრამ ჩვენ, ყველამ, ევროპაში, მსოფლიოში, უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსეთმაც დაიწყოს მშვიდობის ძიება; რომ რუსეთმა დაიწყოს საერთაშორისო სამართლის პატივისცემა. რა არის ამისთვის საჭირო? ყველამ ევროპაში, უბრალოდ, უნდა შეწყვიტოს რუსეთის შიში. შეწყვიტონ, იყვნენ სუსტები. უნდა გახდნენ ძლიერები. დააყენონ ღირებულებები და დემოკრატია მაღლა, იმ საფრთხეებზე მაღლა, რასაც რუსეთი ავრცელებს.

რუსეთს სურს, ისე გააკეთოს, რომ ჩვენს რეგიონში მხოლოდ ერთი წესრიგი იყოს დომინანტი – ტირანია; რომ ნებისმიერი აზრთა სხვადასხვაობა განადგურდეს; რომ შეუძლებელი გახდეს საერთო ენის გამონახვა.

ჩვენ ნამდვილად გვჭირდება უფრო ძლიერი სანქციები, ყველაზე ძლიერი. როგორ შეიძლება, რუსულ ბანკებს მიეცეთ შესაძლებლობა, გამოიმუშაონ შემოსავალი მაშინ, როცა უკრაინის ქალაქებში რუსი სამხედროები მშვიდობიან მოქალაქეებს აწამებენ; როგორ შეუძლიათ, ევროპულ კომპანიებს ივაჭრონ სახელმწიფოსთან, რომელიც შეგნებულად ანადგურებს ჩვენს ერს?" - აღნიშნა ზელენსკიმ. 

დღის ამბები