19 მაისი 2024,   22:36
ვრცლად
ტრაგედია და პასუხისმგებელი ორგანიზაციების მთელი ჯაჭვი - ვაკის პარკის შადრევნის საქმეში დღეს ერთ-ერთი მთავარი რგოლის სახელი გახმაურდა

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, გამოძიება გრძელდება, რომლის ფარგლებშიც პასუხისმგებელი პირების და ორგანიზაციების მთელი ჯაჭვი იშლება. ამ ჯაჭვის ერთ-ერთი მთავარი რგოლი სწორედ ლაშა ფურცხვანიძე და მისი კომპანია "გრინსერვის პლიუსია", რომელმაც ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია განახორციელა.

მორალურ ნაწილში სინანულს გამოთქვამს ყველა, თუმცა სამართლებრივად პასუხისმგებელი არც ორგანიზაცია და არც კონკრეტული პირები ჯერ არ გამოკვეთილან. გამოკითხულთა შორის არიან როგორც სამუშაოს შემსრულებლები, ასევე ისინი, ვინც დაუკვეთა და ჩაიბარა. თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი და სხვა მაღალჩინოსნები. მერის მოადგილემ მედიას დღეს განუცხადა, რომ შეუძლებელია თვითმმართველ ორგანოს სამართლებრივი დარღვევა ჰქონდეს. მეტიც - დარღვევა დასაბუთებული და არაერთი ინსპექტირების შედეგად დადასტურებული პროექტის არჩაბარება იქნებოდა.

მერის მოადგილე როგორც წინა ინტერვიუს დროს "კურიერთან" ამჯერადაც ამბობდა, რომ უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, ავტომატური გათიშვის სისტემას აუცილებლად უნდა ემუშავა.

ვაკის პარკის შადრევნის საქმეში დღეს ერთ ერთი მთავარი რგოლის სახელი გახმაურდა. "მშენ ექსპერტი" - ამ კომპანიის ოფისში დღეს კარი დაკეტილია და არც სატელეფონო ზარს პასუხობენ. სავარაუდოდ, მათი ინსპექტორები და დასკვნების ავტორები პოლიციაში უკვე გამოკითხეს. ამ და სხვა კომპანიების მიერ დაწერილ დასკვნებს, შესრულებულ სამუშაოებს და ტექნიკას ახლა შსს-ს ექსპერტებთან ერთად სამხარაულის ექსპერტიზაც იკვლევს. მასალები მოცულობითია, შესაბამისად რთულია ვადებზე პროგნოზების გაკეთებაც. ვიდრე სამართლებრივი შედეგები დადგება, არის მოთხოვნა პოლიტიკური პასუხისმგებლობის შესახებ. დღეს თბილისის მერიასთან აქციაც გაიმართა, სადაც უშუალოდ მერის გადადგომას ითხოვდნენ.

ვაკის პარკში, სადაც ტრაგედია დატრიალდა, მოქალაქეები დღესაც ტოვებდნენ ყვავილებს, სათამაშოებს, ანთებდნენ სანთლებს და გამოხატავდნენ საკუთარ პოზიციას, რომ შადრევანში ბავშვები არ უნდა იღუპებოდნენ.

დღის ამბები