19 მაისი 2024,   22:04
ვრცლად
"სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ მუქარა" - როგორ შეფასდა საქართველოში ალექსეი არესტოვიჩის "წესრიგი"

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ამბობს, რომ რუსეთთან ომის მოგების შემდეგ უკრაინა საქართველოსთვისაც მოიცლის. როგორც ალექსეი არესტოვიჩი ამტკიცებს, საქართველო გადასარჩენია და ქვეყანაში პოლიტიკური წესრიგია დასამყარებელი.

საქართველოში წესრიგის დამყარების მისეული მეთოდი უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ერთ-ერთ ადგილობრივ მედიას გაუზიარა. ძალის პროეცირება სხვადასხვა ეგიდით ნაომარი ადამიანების მონაწილეობით - ასეთია სცენარი, რომელიც ალექსეი არესტოვიჩს ქართველი ხალხის დასახმარებლად რუსეთთან უპირატესობის მოპოვების შემდეგ წარმოუდგენია.

კიევიდან გაკეთებული გზავნილი თბილისში სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ მუქარად შეფასდა. მეტიც, სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ განცხადება კრიმინალური ხასიათისაა და წესრიგის დამყარების რუსულ ლოგიკას ჰგავს.

ხელისუფლების ოპონენტების უმრავლესობამ განცხადებაში ვერც დანაშაულის ნიშნები და ვერც მუქარა ამოიკითხა. რატომ სურს საქართველოში წესრიგის დამყარება უკრაინელ მაღალჩინოსანს? ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ არესტოვიჩმა მხოლოდ მისი პერსონალური და კეთილმეგობრული პოზიცია გამოხატა. ამბობენ იმასაც, რომ გზავნილი უკრაინის გადმოსახედიდან სწორია, თუმცა ძალის პროეცირებაზე საუბარი არასწორი.

ალექსეი არესტოვიჩს საქართველოს მხრიდან ტერიტორიების დაბრუნების შესახებ განცხადებები აქამდეც გაუკეთებია. სწორედ ამიტომ, პარტიების ნაწილისთვის მისი რიტორიკა მოულოდნელი არ ყოფილა.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის მორიგი განცხადება გასაკვირი არც სახელისუფლებო გუნდისთვის ყოფილა, თუმცა "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ თუ ადრე არესტოვიჩი მხოლოდ ომისკენ მოწოდებებით გამოდიოდა, ახლა ის სამხედრო მოქმედებებით უკვე პირდაპირ საქართველოს ემუქრება. მმართველ პარტიაში განმარტავენ, რომ ხელისუფლება სამშვიდობო პოლიტიკას არ გადაუხვევს.

ვოლოდიმის ზელენსკის მრჩევლის განცხადება სავარაუდოდ განხილვის თემა იქნება ყირიმის პლატფორმის ფარგლებში უკრაინის რადას თავმჯდომარესთან შეხვედრაზე. საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ღონისძიებაზე დასასწრებად ხორვატიაში რამდენიმე დღეში გაემგზავრება.

დღის ამბები