19 მაისი 2024,   06:02
ვრცლად
"ლისი ვანდერლენდის" მიმდებარე ტერიტორია, სადაც "პრაიდის ფესტივალი" უნდა გამართულიყო, აქციის მონაწილეებმა დაიკავეს  

"ლისი ვანდერლენდის" მიმდებარე ტერიტორია, სადაც "პრაიდის ფესტივალის" გამართვა იყო დაანონსებული, აქციის მონაწილეებმა დაიკავეს, რომლებიც ღონისძიების გამართვას აპროტესტებენ. 

მათ სამართალდამცველების რამდენიმე კორდონი გაარღვიეს და იმ ტერიტორიაზე შეიჭრნენ, სადაც ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო. ცოტა ხნის წინ ადგილზე ვითარება დაძაბული იყო. სავარაუდოდ, დაპირისპირების შედეგად, პრაიდის ფესტივალის კონტრაქციის მონაწილე რამდენიმე პირი დააკავეს, ასევე ტერიტორიიდან განარიდეს 20-მდე ადამიანი.

ლისის ტბაზე მივიდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე. მისი თქმით, კონტრაქციის მონაწილეებმა მოახერხეს კორდონების გარღვევა, თუმცა პრაიდის მონაწილეები ამ ეტაპზე უსაფრთხოდ არიან. ადგილზე მობილიზებულები არიან განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სამართალდამცველები. "პრაიდის ფესტივალის" მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები ისევ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან.

პარალელურად, "თბილისი პრაიდმა" ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ფესტივალის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვება მოუწიათ. განცხადებაში არაფერია ნათქვამი, ფესტივალი აღარ ჩატარდება თუ სხვა ტერიტორიაზე გაიმართება.

 

დღის ამბები