პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრის, გუბაზ სანიკიძის განცხადებას მეორე ფრონტის შესახებ, პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. მისი გუნდის წევრები ამტკიცებენ, რომ გუბაზ სანიკიძის განცხადების გზავნილი ტერიტორიების ძალით დაბრუნება არ ყოფილა და საჭიროების შემთხვევაში, ის დააკონკრეტებს, თუ რას გულისხმობდა.
"არავითარი მეორე ფრონტის გახსნა საქართველოს არ ესაჭიროება დღეს, თუ ამან გამოიწვია გარკვეული კითხვის ნიშნები, ბატონი გუბაზი დააზუსტებს. ჩვენს ქვეყანას რაც ესაჭიროება დღეს და ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია, ეს არის სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროპაში. ამ საკითხთან დაკავშირებით ნამდვილად არ გვქონია საუბარი, ფრაქციისა და პარტიის შიგნით დისკუსიის შესახებ ჩვენ ჩვენს ოფიციალურ პოზიციას საჯაროდ ვაცხადებთ, ჩვენი საჯარო პოზიცია არის, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შედეგად ძალიან ბევრი პრობლემა მოგვარდება, გარწმუნებთ, მშვიდობიანად,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრი დავით კირკიტაძე.
"გირჩში" არ მიაჩნიათ, რომ გუბაზ სანიკიძის განცხადებები ოპოზიციის ან თუნდაც "ნაციონალური მოძრაობის" სავარაუდო გეგმებთან არის კავშირში. პარტიის წევრი ჰერმან საბო ამბობს, რომ სანიკიძის განცხადებას არ ეთანხმება და დაკარგული ტერიტორიები ქვეყანამ მშვიდობიანად უნდა დაიბრუნოს.
"ნამეტანი დიდი პატივისცემაა ბატონი გუბაზის ასეთ განცხადებებზე იმის აგება, რომ ეს რაღაც ან ოპოზიციის გეგმა იყოს, ან თუნდაც "ნაციონალური მოძრაობის", მიუხედავად იმისა, რომ ბატონი გუბაზი თავს ასე აიდენტიფიცირებს, თითქოს სააკაშვილის გამხმოვანებელია. ძალიან არ დავეთანხმები ბატონ გუბაზს იმაში, რომ თითქოს ჩვენ რაიმე მსგავსი სცენარით უნდა ვიმოძრაოთ, როგორითაც იმოძრავა აზერბაიჯანმა. ბევრი სხვადასხვა რაღაცის გამო, თუნდაც იმიტომ, რომ სხვანაირი კონფლიქტია საერთოდ, კონტექსტი სულ სხვაა. მგონია, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს ამბავიც უნდა დასრულდეს მხოლოდ მშვიდობიანად," - აღნიშნავს ჰერმან საბო.