"ჩვენთვის ყველაზე მთავარია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ეს ყველაფერი უნდა მოვახდინოთ, მოვახდენთ და მოვახერხებთ აუცილებლად მშვიდობით" - ეს განცხადება "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გუბაზ სანიკიძის განცხადების საპასუხოდ გააკეთა.
მისივე შეფასებით, მსგავსი ტიპის განცხადებების იმისთვის კეთდება, რომ საქართველო, ქვეყნის მოსახლეობა და მისი ჯარისკაცები გამოყენებული იყოს სხვა ქვეყნის მიზნებისთვის.
"გუბაზ სანიკიძის შეფასებისგან თავს შევიკავებ, როგორ შეიძლება შეაფასო გუბაზ სანიკიძე. მეორე ფრონტს რაც შეეხება, ეს რა თქმა უნდა, პირდაპირი მოწოდებები იყო ამასთან დაკავშირებით, თუმცა ის, რაც აზერბაიჯანში ხდება და ის გადაწყვეტილებები, რაც იქნა მიღებული, მგონი რადიკალურად განსხვავდება ჩვენი ახლანდელი მდგომარეობა იქ არსებული ვითარებისგან. ის, რომ ჩვენ ვისმენდით მეორე ფრონტის გახსნას, შეხიდებას, ეს ხომ ჩვენ არ მოგვიგონია, ამასთან დაკავშირებით კონკრეტული განცხადებები კეთდებოდა და ეს ყველაფერი მიმართული იყო იმისკენ, რომ საქართველო, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ჩვენი ჯარისკაცები გამოყენებული ყოფილიყო რომელიმე ქვეყნის მიზნებისთვის. ამ ადამიანებმა ცნება "სამშობლო", "პატრიოტიზმი" საერთოდ არ იციან რა არის, ისინი ემსახურებიან კონკრეტულ ადამიანებს. ჩვენთვის ყველაზე მთავარია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ეს ყველაფერი უნდა მოვახდინოთ, მოვახდენთ და მოვახერხებთ აუცილებლად მშვიდობით,"- აცხადებს კახა კალაძე.
შეგახსენებთ, რომ ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრის, გუბაზ სანიკიძის განცხადება მეორე ფრონტის შესახებ პოლიტიკური განხილვის თემა გახდა.