06 ოქტომბერი 2024,   19:59
ვრცლად
უკრაინის თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებმა ერთნაირსქესიანთა რეგისტრირებული პარტნიორობის კანონპროექტს მხარი დაუჭირეს

უკრაინის თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებმა მხარი დაუჭირეს ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების შესახებ კანონპროექტს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია დეპუტატ ინა სოვსუნზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, კანონპროექტების მიზანია დაეხმაროს LGBT წევრებს განსაზღვრონ საერთო უფლებები და ვალდებულებები, უძრავი ქონების საკითხი, მემკვიდრეობა, სოციალური დაცვა და პარტნიორის გაუჩინარების შემთხვევაში არსებული უფლებები.

ინა სოვსუნმა კანონი უკრაინის რადას 2023 წლის მარტში წარუდგინა. დოკუმენტზე არასამთავრობო ორგანიზაციები 9 თვის განმავლობაში მუშაობდნენ. თავდაპირველად სამინისტროებმა წარდგენილ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს, ახლა კი იუსტიციის სამინისტრო მეორე მოსმენით განხილვისთვის მზად არის.

როგორც ინა სოვსუნი სოციალურ ქსელში კანონპროექტთან დაკავშირებით წერს, ამჯერად უკვე ინიციატივა პარლამენტის ხელშია, რომელმაც მხარი უნდა დაუჭიროს კანონპროექტს პირველი მოსმენით, რაც იუსტიციის სამინისტროს საშუალებას მისცემს მეორე მოსმენისას საკუთარი შენიშვნებიც წარადგინოს. 

"თავდაცვის სამინისტრომ პოზიცია შეცვალა და რეგისტრირებული პარტნიორობის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. პოზიცია შეიცვალა იუსტიციის დეპარტამენტმაც, რომელსაც ალტერნატიული პარტნიორობის კანონპროექტი უნდა შეემუშავებინა. ახლა ის მზადაა მხარი დაუჭიროს ჩემს კანონპროექტს #9103 და ემზადება მეორე მოსმენით ცვლილებების განსახილველად. ახლა ინიციატივა მთლიანად პარლამენტს ეკუთვნის, რომელმაც პირველი მოსმენით კანონპროექტს მხარი უნდა დაუჭიროს და იუსტიციის სამინისტროს მეორე მოსმენით შესწორებების შეტანის შესაძლებლობა მისცეს. ამ სამინისტროების უარყოფითმა დასკვნებმა დაბლოკა კანონპროექტის პარლამენტში შემდგომი პოპულარიზაცია," - წერს ინა სოვსუნი.

 

დღის ამბები