24 საათი რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სპეციალური განცხადებით ეხმაურება და ტელეკომპანიას ღია მხარდაჭერას უცხადებს.
გამოცემის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"რუსთავი 2-ის არსებობას საფრთხე დაემუქრა. ეს საფრთხე რეალურია და რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებიდან მოდის, რადგან:
1. სახელისუფლებო პარტიის ლიდერები, ორ წელიწადზე მეტია, აანონსებენ რუსთავი-2-ის განადგურებას;
2. ტელეკომპანიაზე შეტევას უკვე აღარაფერი აქვს საერთო კანონთან და სამართალთან;
3. წინასაარჩევნოდ „სუფთავდება“ მედიასივრცე - პროცესები საზოგადოებრივ მაუწყებელზე, იმედზე და მაესტროზე.
რუსთავი 2-ზე შეტევა შეიცავს კიდევ ერთ საფრთხეს. ნაწილობრივ ან მთლიანად „გასუფთავებული“ ტელეარხებიდან უკვე ყურს ჭრის ანტიდასავლური პროპაგანდა და პრორუსული ინტონაციები; ქართული ოცნების ლიდერები, სულ უფრო ხშირად, უხამსად მოიხსენიებენ ევროსაბჭოს პარლამენტს, ევროპულ სტრუქტურებს, ევროპელ პოლიტიკოსებს. ეს არის გზა უკან, რომელზეც ერთი მნიშვნელოვანი ბარიერი სწორედ რუსთავი-2-ია.
ყოველივე ეს საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს.
24 საათი სოლიდარობას უცხადებს რუსთავი-2-ს, რადგან მიგვაჩნია, რომ დღეს ტელეკომპანიის გადარჩენისთვის ბრძოლა საქართველოს ცივილიზებული, ევროატლანტიკური მომავლისთვის ბრძოლაა,"-აღნიშნულია განცხადებაში.