დღეს ვაჟა-ფშაველას გამზირზე აქცია იყო, სადაც გუშინ დაკავებული გიორგი ფეიქრიშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები შეიკრიბნენ. ისინი პოლიციას გიორგი ფეიქრიშვილის უკანონოდ დაკავებაში ადანაშაულებენ და ამტკიცებენ, რომ მას იარაღი ჩაუდეს.
მათი ინფორმაციით, ერთი წლის წინ ამავე ბრალდებით დააკავეს გიორგი ფეიქრიშვილის ძმაც.
აქციის მონაწილეები გუშინდელ დაკავებას უკავშირებენ გიორგი ფეიქრიშვილის აქტიურობას მისი ძმის საქმეზე და აცხადებენ, რომ მასზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოლიციის მხრიდან ზეწოლა ხორციელდებოდა.
დაკავებულის დედამ ნინო აბრამიშვილმა მიმართა პრეზიდნეტს, პრემიერმინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველს და ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარს, კარგად გამოიძიონ აღნიშნული საკითხი.
გიორგი ფეიქრიშვილი 236-ე, იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების მუხლით არის დაკავებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავების კადრები გუშინვე გაავრცელა, სადაც ნაჩვენები იყო ის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულის ავტომანქანიდან ამოიღეს.
უწყებაში იარაღის ჩადების ფაქტს გამორიცხავენ.