18 მაისი 2024,   17:41
ვრცლად
წამება, გაუპატიურება, მასობრივი მკვლელობა და ომის არაერთი დანაშაული - 2 წელი ბუჩას დეოკუპაციიდან

საოკუპაციო ძალა უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს აგრძელებს. დონეცკის ოლქში, საჰაერო იერიშის შედეგად, მძიმედ დაშავდა 5 სამოქალაქო პირი, მათ შორის - ერთი მცირეწლოვანი. განგაში ისმოდა დნიპროპეტროვსკის ოლქშიც. უპილოტო საფრენი აპარატებით აგრესორმა ნიკოპოლის მჭიდროდ დასახლებულ ზონებს შეუტია.

აფეთქებები ისმოდა ხარკოვში. დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები. ორამდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი ლვოვში. ქალაქის ადმინისტრაციული შენობის ნანგრევებში, დილით, კიდევ ერთი ადამიანის ცხედარს მიაკვლიეს. ოკუპანტებმა მიზანში თბოსადგურიც ამოიღეს. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ვარაუდობენ, რომ შეტევა ქვეყნის ენერგოინფრასტრუქტურაზე კიდევ უფრო გახშირდება.

მაღალი ფასის გადახდა მოუწევს უკრაინას, თუ ის ტერორისტების მხარდაჭერას განაგრძობს, - ამ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აკეთებს და მოსკოვში, სავაჭრო ცენტრზე თავდასხმაში კვლავ კიევს ადანაშაულებს. ლავროვის უწყება მოითხოვს, გადაეცეს "მთავარი დამნაშავეები", რომელთა შორის უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელიცაა. ბუჩას დეოკუპაციის მეორე წლისთავზე გაკეთებულ ამ განცხადებას, ოფიციალური კიევი ცინიზმად აფასებს.

ბუჩას 1-თვიანი ოკუპაცია 2022 წლის 31 მარტს დასრულდა. საბრძოლო მასალისა და ადამიანური რესურსის სიმწირის გამო, რუსულმა არმიამ უკან დაიხია და თავი ბელარუსს შეაფარა. გათავისუფლებულ რეგიონში უკრაინელ ჯარისკაცებსა და მსოფლიო მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის "კურიერის" გადამღებ ჯგუფს, უმძიმესი სურათი დახვდათ.

ათობით მშვიდობიანი მოქალაქე აგრესორმა პირდაპირ ქუჩაში დახვრიტა. სამოქალაქო პირებს აწამებდნენ და კლავდნენ სარდაფებში. ასობით ადამიანის ცხედარს მიაკვლიეს მასობრივ საფლავებში. ცეცხლს უხსნიდნენ საევაკუაციო ტრანსპორტს, მათ შორის - ავტომობილებს წარწერით "ბავშვები".

ოფიციალური ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ბუჩაში უკრაინის 700-ზე მეტი მოქალაქე მოკლეს. ცხედრების უდიდესი ნაწილის იდენტიფიცირება ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგაც ვერ ხერხდება.

დღის ამბები