20 ნოემბერი 2024,   14:35
ვრცლად
არველაძის მხარდამჭერი დელეგატი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების დღეს დააკავეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის ერთ-ერთი დელეგატი, გეგა გობეჯიშვილი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, ხმის მიცემას რეზი არველაძისთვის აპირებდა, დაკავებულია.

ამ დროისთვის უცნობია, გაათავისუფლებენ თუ არა გობეჯიშვილს და დაესწრება თუ არა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებს. ჯერჯერობით ასევე უცნობია, გობეჯიშვილის დაკავების გამო, შეექმნება თუ არა საფრთხე დღევანდელი არჩევნების ჩატარებას.

როგორც რეზი არველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ამას უეფა-ს წარმომადგენლებთან შეხვედარზე გაარკვევს. 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფედერაციის პრეზიდენტის მოადგილე, გეგა გობეჯიშვილის მეუღლის, თათა ხუნდაძის განცხადებით, მისი მეუღლე გუშინ 20:30 საათიდან სატელეფონო კონტაქტზე აღარ გამოდის და მისი ადგილსამყოფელი უცნობია. 

გეგა გობეჯიშვილი ერთ-ერთი დელეგატია, რომელიც ფებურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით სარგებლობს.

ხუნდაძის თქმით, გობეჯიშვილი რეზი არველაძის მხარდამჭერია და ბოლო დროს მის მიმართ ხორციელდებოდა სხვადასხვა ტიპის ზეწოლა, რათა მას პოზიცია შეეცვალა და არჩევანი ლევან კობიაშვილის სასარგებლოდ გაეკეთებინა.

დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. საარჩევნო ყრილობა სასტუმრო ჰოლიდეი ინ-ში 11:00 საათზე დაიწყება. 

არჩევნებში ხმას 35 დელეგატი ფარული კენჭისყრით მისცემს. საარჩევნო დელეგატებს შორის არიან საფეხბურთო კლუბები, საფეხბურთო ასოციაციები და რეგიონული საფეხბურთო ფედერაციები.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. 

დღის ამბები