18 მაისი 2024,   16:10
ვრცლად
ე.წ. ბარიგების, დამდებებისა და ნარკოტიკების შემომტანების წინააღმდეგ სპეცოპერაციები გრძელდება - ბოლო რამდენიმე დღეში დაკავებულია 14 პირი

ე.წ. ბარიგების, დამდებებისა და ნარკოტიკების შემომტანების წინააღმდეგ სპეცოპერაციები გრძელდება. ბოლო რამდენიმე დღეში დაკავებულია 14 პირი, მათგან 7 ნარკორეალიზატორია, მათ შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები და ქალები.

ფარულად გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ახალგაზრდა ქალი მომხმარებელს შეხვდა და დაფასოებული, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებები გადასცა. სანაცვლოდ, კონკრეტული თანხაც აიღო. რეალიზაციის ბრალდებით სამართალდამცველებმა ის უკვე დააკავეს. "კურიერის" ინფორმაციით, ბრალდებულს ხელბორკილები საკუთარ ბინაში დაადეს.

საკონტროლო შესყიდვის ფარული კადრები 37 წლის ქალის ადვოკატისთვის, დანაშაულის დასამტკიცებლად საკმარისი მტკიცებულება არ არის. დიდი ოდენობით მარიხუანის შეძენა -შენახვა რეალიზაციის ფაქტზე დაკავებული კი, ამ ეტაპზე, დუმილის უფლებას იყენებს.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია კიდევ ორი ქალი, მათ წინააღმდეგ გამოძიება ნარკოტიკული საშუალების, კერძოდ მარიხუანის შეძენა შენახვის მუხლით მიმდინარეობს.

ნარკოდანაშაულის საქმეზე სამართალდამცველებმა სპეცოპერაციები თბილისის გარდა, რეგიონებში ჩაატარეს - დაკავებულია 10-ზე მეტი პირი. მოპოვებულია კონკრეტული მტკიცებულებები, მათ შორის მოსამართლის განჩინებით გადაღებული ფარული ვიდეო და აუდიო მასალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებში დაკავებულები პოლიციას იმ ადგილებს უთითებენ, სადაც ნარკოტიკულ საშუალებებს ტოვებდნენ. "კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულების უმეტესობა ნარკოტიკს სწორედ სამალავებში დადებით და ხელიდან ხელში ასაღებდნენ.

დაკავებულებს შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. მათი პირადი და ბინის ჩხრეკისასა ამოღებულია სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებები. ბრალდებულებმა პოლიციელები იმ ადგილებშიც მიიყვანეს, სადაც ნარკოტიკს მალავდნენ. მითითებული ლოკაციებიდან ამოღებულია 65 შეკვრა "ალფა პვპ”.

ჰეროინი, ბუპრენორფინი, მეტადონი და სუბოტექსი- ნარკოტიკული საშუალებები, სამართალდამცველებმა, ბრალდებულების, სახლების და ავტომობილების ჩხრეკისას ამოიღეს. ერთ-ერთი დაკავებული ბინაში პისტოლეტს, მჭიდს და 3 ვაზნას ინახავდა. ბოლო 3 დღის განმავლობაში, ნარკოდანაშაულისთვის 14 პირი დააკავეს, აქედან 7 რეალიზაციისთვის. დანაშაული 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

დღის ამბები