18 მაისი 2024,   18:18
ვრცლად
ომი უკრაინაში - ხარკოვში რუსეთის თავდასხმებს 6 მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა

უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობა, განგაშის სიგნალმა კიდევ ერთხელ გააღვიძა. კიევში, ხარკოვში, ზაპოროჟიასა და ლუგანსკში ოკუპაციურმა ძალებმა საჰაერო თავდასხმები განახორციელეს. უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი, ხარკოვი, კიდევ ერთხელ გახდა რუსული ძალების სამიზნე - ქალაქის ოფიციალური პირების თქმით, ღამით უპილოტო თვითმფრინავებით განხორციელებულ იერიშს 6 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, 11 კი დაიჭრა.

რუსეთმა ფრონტის ხაზი უკრაინელ მშვიდობიან მოქალაქეებთან დიდი ხნის წინ გადაიტანა. თავდასხმის მსხვერპლი გახდა ქალაქი ზაპოროჟიეც, სადაც განმეორებითი აფეთქებები და საჰაერო იერიშები 1 საათის შუალედში განხორციელდა. მთლიანობაში, რუსეთმა 5 ბალისტიკური რაკეტით დაბომბა ზაპოროჟია და დააზიანა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი კორპუსები და სამრეწველო ობიექტები. დაიღუპა სულ მცირე 4 ადამიანი, დაიჭრა ათობით მოქალაქე, მათ შორის ბავშვები.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ფრონტის ხაზზე 3 მიმართულებით - ბახმუტის, ნოვოპავლოვსკისა და ავდეევკასთან. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კრიტიკულ საჭიროებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კიევს კვლავ უწევს თავდაცვით პოზიციაზე ყოფნა მტრის საბრძოლო მასალების უპირატესობის გამო. სირსკიმ უარყო გუშინ გავრცელებული ინფორმაციაც, რომ რუსი ჯარისკაცები დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტის დასავლეთით მდებარე ჩასივიარის ერთ-ერთ გარეუბანში შევიდნენ.

საპასუხო, მნიშვნელოვანი შეტევა განახორციელა უკრაინამაც - კიევის სამხედროებმა როსტოვის მოროზოვსკის ავიაბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვეს, თავდასხმის შედეგად განადგურდა 6 რუსული სამხედრო თვითმფრინავი, დაზიანდა 8 ვერტმფრენი და დაიჭრა სამხედრო ბაზის 20 წევრი.

ავტორი: ნინი ნიკოლეიშვილი

დღის ამბები