16 ნოემბერი 2024,   13:28
ვრცლად
ეს კანონი შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან - ევროკავშირის ელჩი "გამჭვირვალობის" კანონპროექტის შესახებ

ცოტა ხნის წინ, "გამჭვირვალობის" კანონპროექტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.

პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, "გამჭვირვალობის" კანონპროექტი შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან. მისივე თქმით, არ უნდა მოხდეს სამოქალაქო ორგანიზაციების სტიგმატიზება.

"ჩვენი აზრით, ეს კანონი შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან. ჩვენ სერიოზულად შეშფოთებულები ვართ, რომ "გამჭვირვალობის" საკითხი არ უნდა გადაწყდეს სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცის შეზღუდვის ხარჯზე, რომ სტიგმატიზება არ მოხდეს სამოქალაქო ორგანიზაციების.

სიტყვისა და მედიის თავისუფლება ყველა დემოკრატიისთვის აბსოლუტურად აუცილებელია, მათ შორის, საქართველოსთვისაც, განსაკუთრებით, მაშინ, როცა ის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. მარტივად რომ ვთქვათ, ეს კანონი არაა კარგი. ეს არ არის ევროპული ან ამერიკული კანონი.

გუშინ ხმამაღლა და მკაფიოდ მოისმინეთ ამერიკის ელჩის პოზიცია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენ ყველა ვემხრობით გამჭვირვალობას, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების ლიმიტირების ხარჯზე. გამჭვირვალობის წინააღმდეგი არ ვართ. ვიცით, რომ სამოქალაქო საზოგადოებას სხვა მოვალეობები აქვს, მათ შორის, უნდა შეავსონ საგადასახადო დეკლარაცია.

არაფერი გვაქვს დასამალი, ჩვენ თავს საქართველოს საუკეთესო მეგობრად მივიჩნევთ. ჩვენ გაგიხსენით კარი, რომ ერთ-ერთი ჩვენგანი გამხდარიყავით. გელოდებოდით, რომ საქართველო დაჯდებოდა ჩვენს მაგიდასთან, როგორც ევროკავშირის წევრი. გულწრფელად, იმედი გვაქვს, რომ ეს მომენტი რაც შეიძლება მალე დადგება. ამიტომ, გვინდა გავაძლიეროთ საქართველო, რომ იყოს მედეგი და დემოკრატიული. რეფორმები საჭიროა, გზამკვლევი მოცემული გაქვთ - 9 ნაბიჯის სახით. დრო არ უნდა იქნას არასათანადოდ დახარჯული, რომ მომდევნო კვირებში პროგრესი იქნეს მიღწეული, ეს იმისთვის, რომ კომისიამ კარგი შეფასება მოგცეთ და ევროკავშირის ლიდერებმა შემდეგ ეტაპზე გადაგიყვანონ - დეკემბერში მოლაპარაკების გახსნაზე. ეს ქართველი პოლიტიკური ელიტის ხელშია", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

დღის ამბები