უკვე მესამე დღეა არასამათავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის ნაცემი დირექტორი საკუთარ ოჯახში მკურნალობს. ტვინის შერყევასთან ერთად სულხან ქობულაძეს სმენის აპარატიც დაზიანებული აქვს.
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორი, ამ მდგომარეობაში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც პირველ ოქტომბერს, შუადღის პირველ საათზე ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დვალს ქალაქის ცენტრალურ უბანში შეხვდა. დაზარალებულის განცხადებით ის ჩინოვნიკმა იმ სტატუსის გამო დაიბარა, რომელიც სულხან ქობულაძემ შეხვედრამდე ერთი საათით ადრე საკუთარ facebook გვერდზე გამოაქვეყნა.
სულხან ქობულაძის განცხადებით, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი დათქმულ შეხვედრაზე, მძღოლთან და მოადგილე ბექა ყანჩელთან ერთად მივიდა. სიტყვიერი დაპირისპირება მალე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.
საკუთარი ცემის ფაქტთან დაკავშირებით სულხან ქობულაძემ პოლიციაში უკვე განაცხადა. დაზარალებული ყვება, რომ სამი ადამიანი მას ქალაქის ცენტრალურ უბანში ისეთ ადგილებში სცემდა სადაც სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული, შესაბამისად ის ვარაუდობს, რომ ფაქტის გამოძიება სამართალდამცავებს არ უნდა გაუჭირდეთ.
პოსტკრიპტუმი ტელეფონით იმ ჩინოვნიკებთან დაკავშირებასაც შეეცადა, ვისაც სულხან ქობულაძე ცემაში ადანაშაულებს, თუმცა დავით დვალი და ბექა ყანჩელი ზარებს არ პასუხობენ.
ავტორი:მარიამ გაფრინდაშვილი