რამდენიმესაათიანი გასაუბრების შემდეგ სპეცმსახურების თანამშრომლებმა მუსლიმთა სამმართველოს შეიხი ვაგიფ აკბეროვი აიძულეს შეიხობაზე უარი ეთქვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა ვაგიფ აკბეროვს შეიხის პოსტიდან წასვლა ერთი წლის წინ აიძულეს და სთხოვეს უშიშროების სამსახურში დაბარების ამბავი ჟურნლისტებისთვის არ მოეთხრო, სანაცვლოდ კი თანამდებობას და მაღალ ხელფასს მიიღებდა. ერთ თანამდებობაზე უარს მეორე შემოთავაზება მოჰყვა. ამჯერად პოსტი უფრო გავლენიანი, ხელფასი კი ბევრად მაღალი იყო.
მუსლიმთა სამმართველოს უკვე ყოფილი შეიხი ყვება, რომ პოლიტიკური ბრძოლა, მუსლიმ თემზე გავლენის მოსაპოვებლად ქართულმა ოცნებამ ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო, წინასაარჩევნოდ აკბეროვთან ივანიშვილის სახელით მივიდნენ და მუსლიმ თემთან ქართული ოცნების ლობირება სთხოვეს.
ზეწოლის ფაქტების შესახებ აკბეროვმა, გადადგომის შემდეგ განაცხადა, თუმცა ღიად ზეწოლის ყველა ბერკეტზე საუბარი პოსტსკრიპტუმთან მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სპეცსამსახურების გავლენა მუსლიმთა სამმართველოზე გაძლიერდა და რეალური საფრთხეები შეიქმნა.
იმას, რომ ყველა მოლა ვინც დღეს მეჩეთში მსახურობს ატესტაციას გადის, მუსლიმთა სამმართველოს მოქმედი შეიხი არ უარყოფს, თუმცა რამინ იგიდოვი ამტკიცებს, რომ გამოცდებს სასულიერო პირები მუსლიმთა სამმართველოში აბარებენ და არა უშიშროების სამსახურში.
მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე გვიყვება, რომ სპეცსამსახურებს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოზე იმდენად დიდი გავლენა აქვთ, რომ სულიერ ლიდერებს ხშირ შემთხვევაში აიძულებენ, მრევლის ნების წინააღმდეგ წავიდნენ.
რელიგიის სახელმწიფო სააგენტოში, ყოფილი შეიხის ბრალდებებს განაწყენებული კაცის პოზიციას ადარებენ.
ავტორი:ნოდარ მელაძე