16 ნოემბერი 2024,   13:35
ვრცლად
პარლამენტი ხალხმა აირჩია... როცა არგუმენტების გარეშე მიუთითებენ, რა მიიღოს და რა არა, არ არის სწორი - შალვა პაპუაშვილი

"ჩვენ გუშინ კიდევ ერთხელ ვიხილეთ, რომ არის მცდელობა, დაიბლოკოს მსჯელობა, არის სურვილი, რომ ყვირილით ჩაახშონ მსჯელობა, დოგმატიზმის ყველაზე ცხადი მაგალითია ეს, არგუმენტი არის ერთადერთი, უცხოეთიდან გვითხრეს არა მიიღოთო," - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს ქართული კანონები.

"გუშინ "ნაციონალური მოძრაობა" საუბრობდა, პლებისციტი ჩავატაროთო, ანუ რა გამოდის, თუ პლებისციტით ხალხი მიემხრობა, მაშინ მნიშვნელობა არ აქვს, რას ეუბნებიან უცხოეთიდან? მაშინ ეს არ ყოფილა ამოსავალი წერტილი. მე ის მიკვირს, როცა პარლამენტის წევრები ასეთ დამოკიდებულებაში არიან საკუთარ მანდატთან, ისინი არიან ხალხის წარმომადგენლები. ხალხის წარმომადგენელი არის საქართველოს პარლამენტი.

დღეს რასაც ვხედავთ ზოგიერთი რადიკალი ჯგუფებიდან, მათ შორის, უცხოელი აქტორებისგან, ეს არის, რომ აუკრძალო პარლამენტს, შეასრულოს თავისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. პარლამენტი ხალხმა აირჩია, რომ მიიღოს ქართული კანონები. როცა უკრძალავენ მას და არგუმენტების გარეშე მიუთითებენ, რა მიიღოს და რა არა, ეს არ არის სწორი,"-განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტი პირველი მოსმენით უყრის კენჭს კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ".

ოპოზიცია კანონპროექტის უკან გაწვევას ითხოვს და აცხადებს, რომ ის ქვეყნის ევროპულ მომავალს ეწინააღმდეგება; უმრავლესობისთვის კი გაუგებარია, როგორ შეიძლება გამჭვირვალობამ საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას.

დღის ამბები